ავტორი:

"ჩემს სახლში შევიდა სანდრა რულოვსი ნათესავებთან ერთად, მარანი გახსნეს და ღვინო დააჭაშნიკეს. რამდენიმე დღეში დამირეკეს, შენი სახლი გვინდაო" - რას ჰყვება ვალერი გელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე?

"ჩემს სახლში შევიდა სანდრა რულოვსი ნათესავებთან ერთად, მარანი გახსნეს და ღვინო დააჭაშნიკეს. რამდენიმე დღეში დამირეკეს, შენი სახლი გვინდაო" - რას ჰყვება ვალერი გელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე?

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ედავებიან საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას, მათ შორის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, ბრალი წარდგენილი აქვს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა და ხელში ჩაგდების მიზნით ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეებზეც. ორ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერად ძალაში შესული განაჩენი უკვე არსებობს. 2018 წელს სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას. იმავე წელს დაუსწრებლად გაასამართლეს პარლამენტის ყოფილ წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ამნისტიით ეს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ უცვლელად დატოვა.

საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმის გამო, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფრაზებით ისაუბრა სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ოქრუაშვილისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ სააკაშვილმა ეს დავალება შს იმჟამინდელ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს მისცა. მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის, ერეკლე კოდუას ორგანიზებით სააკაშვილის დავალება ზედმიწევნით შეასრულა - 2005 წლის 15 ივლისს სოდ-ის ოპერატიული თანამშრომლები და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლები თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროს გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებითა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გელაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ავტომანქანიდან გადმოიყვანეს, კონდახებით სასტიკად სცემეს და გაიტაცეს მისი კანონიერი იარაღი, 10.000 აშშ დოლარი და 50.000 ლარად ღირებული ბეჭედი. სააკაშვილის დავალებით განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად პარლამენტის წევრმა გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანება.ამ თავდასხმის ფაქტზე სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია. გელაშვილის საქმეზე განაჩენი გამოტანილია მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართაც.

ყოფილი პარლამენტარი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი "კვირის პალიტრასთან" იმ უმძიმეს ფაქტებს იხსენებს.

- ეს დღეებია, ატრიალებენ, პიჯაკების საქმეზეა ბრალდებულიო, რაც სასაცილოა, პიჯაკების საქმე სახსენებელიც არ იყო, ისეთიI მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. ჩემს საქმეზე გამოძიება წლების შემდეგ ჩატარდა, სააკაშვილი გასამართლებულია, ამნისტია შეეხო და საბოლოოდ 6 წელი დაუტოვეს.

- პირველად როდის გადაიკვეთა თქვენი გზები?

- 1999 წლის ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში, როცა "მოქალაქეთა კავშირის" უმრავლესობის ლიდერი იყო. მე მაშინ ვახტანგ ქუთათელაძესთან დაპირისპირებული ვიყავი, ბიძაჩემი გატაცებული იყო, ბიძაშვილი - ციხეში. მაშინ მივედი სააკაშვილთან, როგორც უმრავლესობის ლიდერთან. მივედი იმისთვის, რომ ჩემი ბიძაშვილი ციხიდან გაეთავისუფლებინათ. მიშამ მითხრა, შენთან ნუგზარ შევარდნაძეა დაპირისპირებული და ამ საქმეში ვერ ჩავერევიო. მერე 2003 წელს შემომითვალა, თუ მასთან მივიდოდი, საპარლამენტო სიაში ჩემს ორ კაცს ჩასვამდა, მაგრამ უარი ვუთხარი.

- რატომ, ფულს გთხოვდათ სანაცვლოდ?

- არა, დაფინანსება არ უთხოვია, როგორც ბიზნესმენი გვერდით ვჭირდებოდი, უნდოდა საზოგადოებისთვის დაენახებინა, რომ ცნობილი ბიზნესმენები მასთან მიდიოდნენ. ბოლოს გადავიკვეთეთ პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის გამო. 2003 წლის ბოლოს ჩემს სახლში შევიდა სანდრა რულოვსი თავის ნათესავებთან ერთად, ჩემი მარანი გახსნეს და ღვინო დააჭაშნიკეს. რამდენიმე დღეში დამირეკეს, შენი სახლი გვინდაო. რეზიდენციის წინ იდგა ჩემი სახლი. 2004 წლის 3 იანვარი იყო. ამ საკითხზე ჩემს სახლში შევხვდი დავით კეზერაშვილს და ადმინისტრაციის უფროს ირაკლი ჩუბინიშვილს. ითხოვდნენ სახლი მათთვის დამეთმო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გენერალური მოიჯარე მე ვიქნებოდი რეზიდენციის მშენებლობაში, ჩემს სახლს გადავცემდი მათ და სამაგიეროდ მივიღებდი სამოსახლო ადგილს სხვაგან. მშენებლობა სწრაფად ვერ მიდიოდა. გავაფრთხილე მიხეილი, რეზიდენციის მშენებლობა ასე მალე და ასე ადვილად არ დამთავრდება-მეთქი. მერე მთხოვა, გენერალური მოიჯარეობიდან გავსულიყავი, დიდი სიამოვნებით გავალ-მეთქი, ვუთხარი, რადგან პერსპექტივა ვერ დავინახე, ოღონდ ვთხოვე, ჩემი კომპანიისთვის ჩემი ფული გადაეხადათ. ფულის გადახდას არ აპირებდნენ, არც სახლის ფულს მაძლევდნენ და გაბრაზებული ისე მოვექეცი, როგორც ისინი მოექცნენ ჩემს ოჯახს. ამის მერე იყო ჩემზე თავდასხმა, ეს იყო ანგარიშსწორება იმის გამო, რომ პროტესტი გამოვხატე. მისი დაკვეთა იყო, სამაგალითოდ დავესაჯე, როგორც დეპუტატი, როგორც ბიზნესმენი, რომ მერე სხვებისთვის ეს მაგალითი ყოფილიყო. გააგრძელეთ კითხვა