ავტორი:

მიკვირს, კახა კალაძემ თავი როგორ ჩაქინდრა და ასპარეზი ცინიკოს კობახიძეს დაუთმო, კალაძეს არაფერი აქვს საბოდიშო - პაატა ზაქარეიშვილი

მიკვირს, კახა კალაძემ თავი როგორ ჩაქინდრა და ასპარეზი ცინიკოს კობახიძეს დაუთმო, კალაძეს არაფერი აქვს საბოდიშო - პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია არჩვენების შედეგად საკრებულოებში მესამე ძალად ჩამოყალიბდა და საკითხი უნდა დააყენოს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები მისი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.

ამასთან, როგორც ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, თუ მოთხოვნაზე გახარიას უარს ეტყვიან და ის საკრებულოში არცერთ პარტიას არ შეეკვრება, „შეიძლება იმდენად ჩავარდეს საქმე, რომ საჭირო გახდეს, მაგალითად, ხელახალი არჩევნები“.

გარდა ამისა, ზაქარეიშვილის შეფასებით, გახარიას პარტიამ არჩევნებზე წარმატებას მიაღწია, რადგან რამდენიმე თვის წინ რეიტინგი საერთოდ არ ჰქონდა, ახლა კი მისი რეიტინგი 8%-ია.

„გახარიამ საკითხი უნდა დააყენოს, მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეზე. ყველა საკრებულოში გახარიას პარტიამ აიღო მესამე პოზიცია. თუ მას უნდა, რომ თავის ამომრჩევლის და იმ ხალხის მოლოდინი გაამართლოს, ვისაც მესამე ძალა უნდა, ყველგან უნდა მოითხოვოს მკაცრი პირობები - მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარე - ხომ ვარ მესამე, მომეცი საკრებულოს თავმჯდომარე და გეკვრები შენ. ვისაც შეეკვრება გახარიას პარტია, ის პარტია ჩამოაყალიბებს ადგილობრივ მმართველობას. მას ეს უფლება აქვს და ამით თავის იმიჯს შეინახავს. თუ უარს ეტყვიან, მაშინ შეიძლება იმდენად ჩავარდეს საქმე, რომ შეიძლება საჭირო გახდეს, მაგალითად, ხელახალი არჩევნები“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ზაქარეიშვილის განცხადებით, „ერთადერთი ნორმალური გამოსავალი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს“.

„სააკაშვილი ჩამოვიდა, რადგან 24 წლამდე ვერ მოიცდიდა. ძალიან დაბერდებოდა და საქართველოში ყველას დაავიწყდებოდა. ეს იყო, მისი აზრით, ბოლო არჩევნები 24 წლამდე. დარწმუნებული იყო - შეიძლება 24 წლამდე არაფერი შეიცვალოს და ვიღას ვემახსოვრები. სიბერის მომენტი შეემატა, ეს ოჯახის კონტექსტშიც ჩანს. აშკარად ჩანს, მას უნდა რებრენდინგი. რაღაც სიახლე უნდოდა და იძულებული და ვალდებულიც იყო, ჩამჯდარიყო რაღაც მანქანაში, უხერხულ ვითარებაში, რათა აქ ჩამოსულიყო და ახალი ისტორია დაეწყო. მაგრამ ვერ ახერხებს. თუმცა გავლენა მოახდინა შედეგებზე. შედეგებში 3-4% გასხვავებული იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის ჩამოსვლა. ჭრელი საკრებულო, რაც 10-მდეა, 2-3 იქნებოდა. ეს მისი დამსახურებაა“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა ასევე ისაუბრა დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგებზე და განაცხადა, რომ „კახა კალაძემ ყველაფერი კარგად გააკეთა და მას არაფერი საბოდიშო არ აქვს“.

„მიკვირს კალაძის, თავი როგორ ჩაქინდრა და ამ ცინიკოს კობახიძეს როგორ დაუთმო ასპარეზი. რომ თქვა, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია მეორე ტური თბილისშიო. მხოლოდ იმიტომ, რომ კალაძეა და მას განსაკუთრებული როლი აქვს „ქართულ ოცნებაში“. ახლა ჩაარტყეს თავში. მანაც ეს მიიღო იმის ნაცვლად, რომ ეთქვა - ბედნიერი ვარ, დემოკრატიული ქალაქის მერი რომ ვარ და ჩვენთან მეორე ტურია. ამის გაფორმება შეიძლებოდა“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, ზაქარეიშვილმა ისაუბრა არჩევნებზე გიორგი ვაშაძის შედეგებზე და აღნიშნა, რომ „მან თავისი ღირსებები კარგად ვერ შეფუთა".