საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები დუმილის უფლებას იყენებენ.
როგორც ბრალდებულების ადვოკატმა, გიორგი გოგინავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმის მასალები მისთვის ჯერჯერობით არ გადაუციათ.
„ბრალდებულ მამა-შვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ. წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებენ. მზად არიან და მოტივირებულები ბრძოლისათვის.
რაც შეეხება საქმის მასალებს, ამ ეტაპზე გადმოცემული არ არის“ , - განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება უკვე წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.
ბრალდებულების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ოქტომბერს გაიმართება.