ცვლილებები - ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველი დღე შეიძლება გახდეს რაღაც ახლის დასაწყისი და ნებისმიერ დროს შეიძლება მოგეცეს მეორე შანსი. იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო, ბევრი რამ უნდა შეცვალო და ზოგჯერ იმისთვის, რომ ოცნება აიხდინო, ქვეყნიდან უნდა წახვიდე და იბრძოლო.
„ქუვეითის ვარსკვლავი“ - ასე ეძახიან ელგა კოტაშვილს, რომელიც 23 წლის ასაკში, პირველად მოხვდა მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც დღეს მას იცნობენ როგორც ყველაზე აღიარებულ სტილისტს. საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, ელგა თავდაუზოგავად შრომობდა და ახლა, მას უკვე საკუთარი სილამაზის სალონი აქვს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ სამეფო საგვარეულო ოჯახის წევრები, ქუვეითური ბომონდის წარმომადგენელი ქალბატონები, ცნობილი ჟურნალისტები, ექიმები თუ დამსახურებული სპორტსმენები.
ელგა, როგორ აღმოჩნდით ქუვეითში და რა გზა გაიარეთ, სანამ დასახულ მიზანს მიაღწევდით?
- ქუვეითში 23 წლის ასაკში, ჩემი ოჯახის მეგობრის - გოგი თოდაძის დახმარებით მოვხვდი. მან ქუვეითში 26 წელი იცხოვრა. ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია დღესაც ძალიან მწირია საქართველოში და იმ პერიოდში, საერთოდ უცნობი იყო. ბავშვობის და თინეიჯერობის წლები მოსკოვში გავატარე. ოჯახი ნაადრევად შევქმენი, მაგრამ სამწუხაროდ, მალე დავქვრივდი და ჩემს გოგონასთან ერთად დავრჩი. საქართველოში 2008 წელს დავბრუნდი. ქუვეითში გამგზავრებისას, შვილის დატოვება დედაჩემთან, დედოფლისწყაროში მომიხდა, რაც ჩემს მდგომარეობას ემოციურად კიდევ უფრო ამძიმებდა. მოსკოვში მიღებული გამოცდილება არაფერ კავშირში არ იყო იმ ქვეყანასთან, სადაც მივემგზავრებოდი. მუშაობა ქუვეითში ჩასვლისთანავე ერთ-ერთ სილამაზის სალონში დავიწყე, მანიკიურის კეთების მიმართულებით, თუმცა ბევრად მიზიდავდა თმის მოვლის, ფერების დასმისა და ვარცხნილობების კეთება. ბევრი შრომის და ფერების შერევის საკუთარი ტექნოლოგიის მიგნების შედეგად, სწრაფად დავიკავე სტილისტის საპატიო ადგილი, სადაც 3 წელი ვიმუშავე. შემდეგ კი საკუთარი სილამაზის სალონი გავხსენი.
სახელი მალევე გაითქვით, გაგვიმხილეთ, რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?
- ჩემი მომხმარებლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. რა თქმა უნდა, მომსახურების ხარისხი გადამწყვეტ როლს თამაშობს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ. ყოველთვის ვცდილობდი, ყველასთან თავაზიანი და კომუნიკაბელური ვყოფილიყავი. ჩემი წარმატების ფორმულა დაახლოებით ასე ჟღერს: „დამოკიდებულება, ხარისხი და გამოცდილება!“
რამდენად რთულია საერთო ენის გამონახვა ქუვეითელებთან? მათი განსხვავებული ცხოვრების წესისა და რელიგიიდან გამომდინარე?
- გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყანაში და სხვა რელიგიის საზოგადოებაში მომიწია საქმიანობის აწყობა, მათთვის სპეციალური სივრცეები მაქვს მოწყობილი, სადაც შეუძლიათ ლოცვისთვის განმარტოვება. უცხო რელიგიის წარმომადგენელთან ზოგადად კარგი დამოკიდებულება აქვთ, ძალიან კომუნიკაბელური და კეთილი ხალხია, რადგან სწორედ მათი რელიგია ავალდებულებს ამგვარ მოპყრობას ადამიანების მიმართ. მათი მხრიდან მუდამ ვგრძნობდი თბილ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რაც უფრო მეტად პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა.
როგორ დაძლიეთ პანდემიის პერიოდის კრიზისი?
- პანდემიის პერიოდში იძულებული გავხდით, შეგვეწვიტა მუშაობა. ჩვენი მომხმარებლები გვიგზავნიდნენ საჩუქრებს და დიდი რაოდენობით სურსათს. ერთი პერიოდი, იმდენი დაგვიგროვდა, რომ მე და ჩემმა დამ, ხათუნამ, რომელიც ჩემს სალონში მუშაობს სტილისტად, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საჭმელები და დაგვეპურებინა უმუშევრად დარჩენილი ადამიანები.
როგორ უმკლავდებით ნოსტალგიას საქართველოზე?
- ჩემი ქვეყანა ძალიან მენატრება და მის მიმართ დაუკმაყოფილებლობის განცდა მაქვს. როდესაც მოშორებული ხარ შენს ქვეყანას, უფრო მეტად გრძნობ და გტკივა ყველაფერი ის, რაც იქ ხდება. ვცდილობ, ფართო საზოგადოებას გავაცნო საქართველოს ღირსშესანიშნაობები. ძალიან ბევრმა ჩემმა მომხმარებელმა პირველად ჩემგან გაიცნო საქართველო და ტრადიციადაც კი იქცა, საქართველოში ტურისტული სტუმრობა მათთვის. შეიძლება ეს დიდი არაფერია, მაგრამ რაღაცნაირად, შინაგან სიცარიელეს ვივსებ ამით.