მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ქვია, ჩაიხუტეს გულში და ასეთი დამოკიდებულების გამო ისინი დაკავებული არიან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის, ზურაბ და შალვა წოწორიების ადვოკატმა გიორგი გოგინავამ განაცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
„ეს ადამიანები რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ არიან, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ქვია, ჩაიხუტეს გულში, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. იმის გამო, რომ ეს დამოკიდებულება აქვთ, დღეის მდგომარეობით ისინი დაკავებული არიან. მათ პრეზიდენტის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ წარდგენილი, აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებლობაში, რას ედავება ბრალდების მხარე, თავადაც არ იცის, მათ დანაშუალი არ ჩაუდენიათ. დანაშაულის დაფარვა რაში გამოიხატება, ხელი შეუშალეს დანაშაულის გახსნას? კანონს უნდა სწორად წაკითხვა, მსჯავრდებული პირის მიერ სასამართლოსთვის ხელის შეშლა რაში გამოიხატება?"- განაცხადა გოგინავამ.
რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.
საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.