ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის  "დამალული ქონება" - რა წერია "პანდორას ფაილებში"  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებზე

ბიძინა ივანიშვილის  "დამალული ქონება" - რა წერია "პანდორას ფაილებში"  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებზე

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ ) გამოაქვეყნა Pandora Papers-ის გაჟონილი დოკუმენტები, ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების, მილიარდერების "დამალული ქონების" შესახებ. ე.წ. პანდორას დოკუმენტებში ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ არის მოცემული ინფორმაცია.

"პანდორას ფაილებში" ერთ-ერთი დოკუმენტი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შესახებაა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ივანიშვილს 12 კომპანია აქვს დარეგისტრირებული.

"საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი რუსეთში ცხოვრების დროს გახდა, სადაც მუშაობდა რკინის საბადოს წარმოებაში, ფოლადის ქარხნებში, უძრავი ქონებისა და საბანკო სფეროში, თავის ქვეყანას კი ორი ათეული წლის წინ დაუბრუნდა.

ის 2012 წელს გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როდესაც კოალიციამ "ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მიდიოდა საჯარო პოლიტიკიდან და გადაწყვიტა დაკავებულიყო საქველმოქმედო საქმიანობით, ასევე, პირობა დადო, რომ "ქართუ ფონდს" გადაურიცხავდა ქონების დიდ ნაწილს და ის და მისი ცოლი მხოლოდ 200 მილიონ დოლარს დაიტოვებდნენ.

  • 1998 და 2016 წლების პერიოდში ივანიშვილმა 12 კომპანია დაარეგისტრირა ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე.

დოკუმენტებში შეზღუდული ინფორმაციაა მისი კომპანიების აქციებისა და ოპერაციების შესახებ. ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings შეიქმნა “საბროკერო ანგარიშით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების” გაკონტროლების მიზნით.

კიდევ ერთი კომპანიის, Brighton Corporate-ის მიზანი კი არის “ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დააფინანსოს” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტები, ისეთები, როგორებიცაა ჰიდროელექტროსადგურები, სასტუმროები და ა.შ", - ნათქვამია "პანდორას დოკუმენტებში."

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსურმა რეგულატორმა წერილით მიმართა 2011 წელს Alcogal-ს კომპანია Finseck-თან დაკავშირებული კითხვებით ( ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე ივანიშვილის კომპანიები A;cogal-მა დაარეგისტრირა ). პასუხი კი იყო, რომ კომპანია დაკავშირებულია ერთ-ერთ იმ ფონდთან, რომელიც ივანიშვილის "შვილების კეთილდღეობისთვის" არის შექმნილი.

დოკუმენტებში არ არის აღწერილი თუ რატომ გაჩნდა კითხვები Finseck-თან დაკავშირებით.

ცნობისთვის, საერთო ჯამში, Pandora Papers-ის გაჟონილ დოკუმენტებში საუბარია 90-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის 300-ზე მეტ პოლიტიკოსსა და საჯარო მოხელეზე. ის მოიცავს 11.9 მილიონზე მეტ კონფიდენციალურ ფაილს. დოკუმენტების "გადინება“ მოხდა იმ კომპანიებიდან, რომლებიც არსებობენ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბელიზში, სინგაპურში, გაერთიანებულ არაბულ საემიროებში და შვეიცარიაში. ფაილებში საუბარია ვლადიმერ პუტინის, ზელენსკის, ალიევის და სხვა ლიდერების დამალულ ქონებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ: "პანდორას" დოსიე: მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონება - რა წერია პუტინის, ალიევის, ზელენსკისა და სხვათა უკანონო გარიგებებზე მედიაში "გაჟონილ" ოფშორულ დოკუმენტებში?