რუსული მედია კვლავაც აქტიურად აშუქებს საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების ამბებს.
რუსულ გაზეთ "იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ცირკი ჩამოვიდა! როგორ იქნება მიხეილ სააკაშვილის სამომავლო ბედი“ (ავტორი - მაქსიმ ხოდიკინი).
პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების ქრონიკა: ექს-პრეზიდენტის არალეგალური დაბრუნება არჩევნების წინა დღეს, მისი დაკავება, ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსთა განცხადებები, კომენტარები, ხელისუფლების ნაბიჯები, საერთაშორისო გამოხმაურება და ა.შ.
"სადაც მიხეილ სააკაშვილია, იქ ყოველთვის პოლიტიკური ცირკია მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცირკი საფრთხის მომტანი არ იყოს იმ ქვეყნის მოსახლეობისათვის, სადაც ეს ვაჟბატონი იმყოფება. კიდევ კარგი, რომ ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებით ვერანაირ რისკს ვერ ვხედავთ“, - იმეორებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ნათქვამს გაზეთი.
"თავის მხრივ, პოლიტოლოგებიც აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილს იმედები გაუცრუვდა, მოულოდნელობები არ მომხდარა. მმართველმა პარტიამ 43%-ზე მეტი ხმა მოაგროვა, ოპოზიცია კი პირიქით ვარაუდობდა. ესე იგი, არავითარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება... მიხეილ სააკაშვილს კი საპყრობილეში ხანგრძლივი ვადით ჯდომა მოუწევს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ გაზეთ "მოსკოვსკიი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "სააკაშვილმა საქართველოში მწვანილის გადასაზიდი ავტომანქანით შეაღწია: რა ელოდება ექსპრეზიდენტს“ (ავტორი - მარინა პერევოზკინა), რომელშიც გადმოცემულია ექსპრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებული დეტალები, მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები.
"საქართველოს მთავრობა უკრაინას მიხეილ სააკაშვილს არ გადასცემს. მას მოუწევს რამდენიმე წელი ქართულ საპყრობილეში გაატაროს. როგორც ჩანს, როცა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში არალეგალურად დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, მას მსგავსი შედეგი გათვლილი არ ჰქონდა. ექსპრეზიდენტი, ალბათ, გეგმავდა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უეცრად გამოჩნდებოდა თავის მხარდამჭერთა მრავალათასიან მიტინგზე, მას ხელში აყვანილი გაატარებდნენ თბილისის ქუჩებში, წაიყვანდნენ პრეზიდენტის სასახლისაკენ... მაგრამ რეალობა უფრო პროზაული აღმოჩნდა“, - აღნიშნავს ავტორი სტატიაში.
ტელეკომპანია RTVI-ის მიერ 4 ოქტომბრის საღამოს "ახალი ამბების დიდ გამოშვებაში“ გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ, სათაურით: "საქართველოში არჩევნები ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მიტინგს აწყობენ: რა გათვლები აქვს ოპოზიციას?“. თბილისიდან პირდაპირი ეთერით ისაუბრეს ექსპერტმა გელა ვასაძემ (იგი მხარს უჭერს ოპოზიციურ "ერთიან ნაცმოძრაობას“), პარლამენტის წევრმა ნონა მამულაშვილმა ("ერთიანი ნაცმოძრაობიდან“), ექს-დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა ("ერთიანი ნაცმოძრაობიდან“) და პოლიტიკოსმა კახა კუკავამ.
რუსეთის ცენტრალური ფედერალური ტელეარხის "პერვიი კანალის“ (Первый канал) პროგრამა "ვრემიის“ ეთერში კი გადაიცა ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ, სათაურით: "ექსპრეზიდენტი სამშობლოში სატვირთო ავტომანქანით დაბრუნდა“, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გარემოებები გააშუქეს.
"ღიად რჩება საკითხი - რისი იმედი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როცა მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და რა გათვლებით სარგებლობდა - ვინ დაუჭერდა მხარს?
ტელეეთერში საუბრობს პოლიტოლოგი დიმიტრი აბზალოვი:
"ამერიკელები თავიანთი დღის წესრიგით ხელმძღვანელობენ და სხვების ინტერესები ხშირად მათ არ აინტერესებთ. გავიხსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მოუწია, სწორედ ჯო ბაიდენი კურირებდა მის მიმართულებას. ისინი, შეიძლება ითქვას, რომ კარგი ნაცნობები იყვნენ. თუმცა პოლიტიკაში როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ნაცნობობა ნაცნობობით, მაგრამ დღეს მხოლოდ გარეშე დამხმარის და გარედან შეძახილის იმედზე ყოფნა უაზრობაა. მიხეილ სააკაშვილი უკვე საპყრობილეში ზის, მას თავდებად არავინ უდგება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციაც საკმაოდ უხალისოდ და მოდუნებულად გამოიყურება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ