ცნობილი ქართველი მსახიობი ამირან ქადეიშვილი დღეს, დილით, ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა. 85 წლის მსახიობი ერთი წლის წინ ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად მსახიობი გამოჯანმრთელდა, თუმცა დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მიზეზი, რის გამოც, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო ორ სეზონში ვეღარ მონაწილეობდა.
მსახიობის ოჯახის ახლობელმა ამირან თოიძემ ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა:
- ბატონი ამირანის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა, გარდაცვალების მიზეზი სეფსისი იყო, სისხლი მოეწამლა. სამი-ოთხი დღე იწვა საავადმყოფოში. ასაკთან შედარებით კარგად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ცოტას ავადმყოფობდა.
მსახიობი ოზურგეთში დაიბადა, გადაღებულია ოცამდე ფილმში, თუმცა მაყურებელმა განსაკუთრებულად ფილმში "სიყვარული ყველას უნდა“ შესრულებული როლის გამო შეიყვარა. კახელი "ხირხალა“ მის ცხოვრებაში გამორჩეულ როლად იქცა.