ავტორი:

"სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი" - კახა კალაძე

"სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი" - კახა კალაძე

სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა, ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს.

„2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა, პრაქტიკულად ყველა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოში ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ.რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის თბილისელები ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, განხორციელებული პროექტებისთვის ის მადლობას არ ითხოვს, თუმცა სჯერა, რომ გაუკეთებელსა და გაკეთებულს შორის, დაზიანებულსა და აღდგენილს შორის, განვითარებაზე ორიენტირებასა და რევანშზე ორიენტირებას შორის, მომავლის პერსპექტივასა და წარსულში დაბრუნებას შორის არცერთი მოქალაქე არ დასვამს ტოლობის ნიშანს.

„მოგეხსენებათ, მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ ისე ჩაიარა, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის ყოველდღიური მუშაობა ერთი წუთითაც კი არ შეფერხებულა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულებას ელოდნენ მოქალაქეები, დასრულებულია. ამ ოთხი წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა მყარი ფუნდამენტი ჩავდეთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება განუხრელად გაგრძელდეს.

თბილისელები ხედავენ, რამხელა შრომა ჩაიდო იმაში, რომ დღეს თუნდაც, მოწესრიგებული, სუფთა ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. კიდევ რამდენიმე ტენდერი უნდა დასრულდეს, რამდენიმე უნდა გამოცხადდეს და თბილისს გარანტირებულად ექნება მოწესრიგებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო.

სანამ ოპოზიცია და მათი სატელიტი მედიასაშუალებები უსაფუძვლო თითის გაშვერით იყვნენ დაკავებული, შევძელით და 1000-ზე მეტი ქუჩა მოვაწესრიგეთ, მათ შორის ისეთები, სადაც წინა ხელისუფლებას არათუ რამე გაუკეთებია, არც კი შეუვლია. ამავე დროს, არ მავიწყდება, რომ თბილისში რჩება ქუჩები, რომელთა მოწესრიგება ჯერ კიდევ ვერ შევძელით.

დიახ, ოთხ წელიწადში ყველა პრობლემას ვერ გავწვდით, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი არ გაჩერებულა, არ გადაგვიდია მოსახლეობის ინტერესები გვერდით. ბევრი დასახლება მოწესრიგდა და მე ვგრძნობ ამ ხალხის მადლიერებას, რაც ყველაზე დასაფასებელია ჩემთვის.

შევეჭიდეთ ბინათმშენებლობებით დაზარალებულების, დაუსრულებელი მშენებლობების თუ დაუკანონებელი ფართების წლობით მოუგვარებელ პრობლემებს, მძიმე მემკვიდრეობას, რაც წინა ხელისუფლების მმართველობამ დაგვიტოვა და დავდეთ შედეგი - დავიწყეთ საქმე, რომელიც ათასობით ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ამის პარალელურად, დავიხსენით "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში ათეულობით უკანონოდ გასხვისებული მუნიციპალური ტერიტორია, სადაც სკვერები მოეწყო ან ეწყობა.

1000-ზე მეტი მიგდებული, მოუწესრიგებელი რეკრეაციული სივრცე აღვადგინეთ და დავუბრუნეთ თავისი ფუნქცია. პირველ რიგში, ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას დავუბრუნეთ ისინი. სწორედ ჩვენი შვილებისთვის, 4 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ბაგა-ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 4 ოქტომბერს ბავშვების უმრავლესობა წავიდა ისეთ ბაღებში, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება არცერთი ევროპული ქვეყნის ბაღს კეთილმოწყობის, უსაფრთხოების თუ აღჭურვილობის თვალსაზრისით.

კიდევ რამდენი რამ გვეთქმის, რაც ნებისმიერი ქალაქის მერმა უნდა გააკეთოს, თუ ის გულწრფელად იღებს ვალდებულებას ქალაქის მართვაზე. ამისთვის მე არ ვითხოვ მადლობას, ეს ჩემი და ჩემი გუნდის მოვალეობა იყო, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ გაუკეთებელსა და გაკეთებულს შორის, დაზიანებულსა და აღდგენილს შორის, განვითარებაზე ორიენტირებასა და რევანშზე ორიენტირებას შორის, მომავლის პერსპექტივასა და წარსულში დაბრუნებას შორის არცერთი მოქალაქე არ დასვამს ტოლობის ნიშანს.

სწორედ იმ დაწყებული და გასაგრძელებელი პროექტების გამო, იმ დაგეგმილი და ბოლომდე მისაყვანი საქმეების გამო, რომლითაც ბევრი მოქალაქის გული გავახარეთ, თითოეული თქვენგანის გამო - ვისაც ვეიმედები, მზად ვარ, კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ განაცხადა, ახლა ყველამ ერთად უნდა მიხედოს თბილისს და ყველაზე მეტად, რაც სჭირდება დედაქალაქს და ქვეყანას არის სიმშვიდე და სტაბილურობა.