ავტორი:

"გასაუბრება უშუალოდ წულუკიანმა ჩამიტარა" - კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები მინისტრს კადრების პოლიტიკური ნიშნით გაშვებაში ადანაშაულებენ

"გასაუბრება უშუალოდ წულუკიანმა ჩამიტარა" - კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები მინისტრს კადრების პოლიტიკური ნიშნით გაშვებაში ადანაშაულებენ

კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანის მისვლის შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციის გამო რამდენიმე ადამიანი საქალაქო სასამართლოში ჩივის. მათი ნაწილი დაობს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლებულები. ერთ-ერთი მათგანი ნინო ახალაიაა, რომელიც საკუთარ ისტორიას გვიყვება. ის კულტურის სამინისტროში (მაშინ - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) 2008 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დეპარტამენტი და პოზიცია აქვს გამოცვლილი. პრობლემა აქამდე არასდროს შექმნია, თუმცა ახლა სამსახურის დაკარგვას იმას უკავშირებს, რომ 2021 წლის იანვრის თვეში მისი ძმა - მანუჩარ ახალაია ოპოზიციურ პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გარკვეულ აქტივობაშიც ჩაერთო.

ნინო ახალაია იხსენებს ხელისუფლების შეცვლის პერიოდს - 2012 წლის ოქტომბერს და აღნიშნავს, რომ იმ დროს ჩვეულებრივად გაგრძელდა სამუშაო პროცესი და თითქოს, განსაკუთრებული დაინტერესება მისი პოლიტიკური სიმპათიებით არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ თავიდან, ერთხელ ე.წ. "ოდეერთან“ მოუწია შეხვედრა.

"მე მაშინ ჩავთვალე, რომ "ოდეერთან“ ეს გამოძახება ჩემს გვარს უკავშირდებოდა. ასეც აღმოჩნდა - პირველი კითხვა, რაც დამისვეს, იყო ის, თუ რა მაკავშირებდა ჩემი გვარის წარმომადგენლებთან წინა ხელისუფლების პერიოდში. მე ვუთხარი, რომ მხოლოდ გვარი მაკავშირებდა. სავარაუდოდ, მათ ინფორმაცია ამის შესახებ უკვე ჰქონდათ, რის გამოც სამინისტროში ჩემს საქმიანობას მომავალშიც ხელი არ შეშლია. პირიქით, რეგიონში ხშირად ვხელმძღვანელობდი სახელმწიფო დონის მნიშვნელოვან ღონისძიებებს“, - აღნიშნავს ნინო.

ის ამბობს, რომ კულტურის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესში ბევრი დარღვევის დანახვაა შესაძლებელი და სწორედ ამ გარემოებებზე და იმაზე გვიყვება, თუ როგორ მოხდა მისი სამსახურიდან გაშვება.

"კულტურის სამინისტროდან თეა წულუკიანის ბრძანებით, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან გამათავისუფლეს. ბრძანებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რომელიც ისედაც იყო გათვალისწინებული, მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყო.

როდესაც წულუკიანი მოვიდა, დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობდით. ბოლო პერიოდში ორგანიზებას ვუწევდი კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობას. წულუკიანის მოსვლის პერიოდში ახალი მარშრუტებისთვის სერტიფიკატების მინიჭების თაობაზე შემდგომი სამუშაო შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. მაშინვე შევეცადეთ მის საქმის კურსში ჩაყენებას, გავამზადეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც მან მოიწონა და დაადასტურა. ესეც მაფიქრებინებდა, რომ ჩვეულებრივად ვაგრძელებდით მუშაობას, არაფერი ცუდის მოლოდინი არ მქონდა.

დანიშვნის პერიოდში, წულუკიანმა თავისი პოზიცია მაშინვე დააფიქსირა და თქვა, რომ კულტურის სამინისტროში მოსვლის შემდეგ ადამიანების პოლიტიკური სიმპათიებითა და პოზიციებით დაინტერესდებოდა. როდესაც ამ განცხადებამ საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტი გამოიწვია, მან შეარბილა და აღნიშნა, რომ ეს არ შეეხებოდა შემოქმედებით ადამიანებს, არამედ მხოლოდ სამინისტროს აპარატის თანამშრომლებს. ასევე საყურადღებოა მის მიერ სამთავრობო ცვლილებების განხორციელების დროს, ჯერ კიდევ კულტურის მინისტრობამდე გაკეთებული განცხადება: ის რაღაც ეტაპზე არ გამორიცხავდა პოლიტიკიდან ჩამოშორებას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაქრებოდა პოლიტიკური ველიდან. წულუკიანის ეს განცხადებები უკვე სერიოზულ ეჭვს მიჩენდა...

ნინო ახალაია

ის სამუშაო პროცესი, რაზეც გითხარით, რომ ჩვეულებრივად განვაგრძეთ, უცებ შეწყდა... მიმდინარე პროექტები, რომელთაც მე ვუძღვებოდი, დაპაუზდა. ამის შემდეგ თეა წულუკიანი აანონსებს სამინისტროში რეორგანიზაციას, რომელსაც, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მოჰყოლოდა შტატების შემცირება, სტრუქტურის შეცვლა და ა.შ. არასწორი დაგეგმვის გამო ვადებმა გადაიწია და ამასობაში, რატომღაც მან მიიღო გადაწყვტილება, სამინისტროს თანამშრომლების ტესტირება ჩატარებულიყო. ვფიქრობ, დარღვევაა, რომ ტესტირების შესახებ უშუალოდ ტესტირებამდე მხოლოდ 4 დღით ადრე გვეცნობა. მე პირადად ამის შესახებ ინფორმაცია სამსახურის ელფოსტაზე, ღამის 12 საათზე მომივიდა, სადაც ეწერა, რომ ორივე ტესტირება - ზოგად უნარებსა და ქართულში, ერთ, შაბათ დღეს ტარდებოდა. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ჩვენი ტესტირება იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, რომელიც თეა წულუკიანის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება იყო. ეს ფაქტი გარკვეული ეჭვის საფუძველს იძლევა - რატომ მაინცდამაინც ეს სასწავლო ცენტრი, როცა შეიძლება, ამ ტიპის ტესტირება სხვაგანაც ჩატარდეს?..

მხოლოდ 4 დღით ადრე გაფრთხილება და შაბათ დღეს მაქსიმალური დატვირთვით ჩატარებული 2 გამოცდა, მხოლოდ ნახევარსაათიანი შუალედით, ერთგვარად საჯარო მოხელეების უფლების დარღვევა იყო. როდესაც ტესტირებას უკვეთავ, ბუნებრივია, გაქვს გარკვეული კრიტერიუმები, არსებობს ქვედა ზღვარი, რომელიც არ გაკმაყოფილებს. ბევრმა ჩვენმა კოლეგამ ტესტირებაზევე იკითხა, რა იყო მინიმალური ქულა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ანუ, ეს ტარდებოდა იმისთვის, რომ რეორგანიზაციის პროცესში შედეგების გამოყენება შეხედულებისამებრ მომხდარიყო. ტესტირება ორივე მიმართულებით წარმატებით გავიარე - 48 ქულით უნარებში, ხოლო ქართულში - 65-ით.

5 ივნისიდან დამატებითი გასაუბრებები დაიწყო. ეჭვს იწვევს ასევე რეორგანიზაციისთვის შექმნილი კომისიის შემადგენლობა. მათი შემადგენლობა გასაუბრებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი და მაშინვე გაჩნდა კითხვები - კომისია დაკომპლექტებულია ყოფილი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებით, არცერთ მათგანს კულტურის, და კულტურის სფეროს მენეჯმენტის მიმართულებით, არც კომპეტენცია და არც ცოდნა არ გააჩნიათ.

გასაუბრება კომისიის წევრების თანდასწრებით, უშუალოდ წულუკიანმა ჩამიტარა. ყველა კითხვაზე ამომწურავად ვუპასუხე, დაზუსტების მიზნით დამისვა დამატებითი შეკითხვებიც. იყო აბსოლუტურად მშვიდი და საქმიანი გასაუბრება. გასაუბრების დასასრულს, ამ გასაუბრებისა და ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, გამომიცხადა, რომელ დეპარტამენტში, რა მიმართულებაზე მომიაზრებდა, რაზეც დავეთანხმე. აღნიშნულმა ფაქტმა, ზოგადად ჩემს კოლეგებთან მიმართებაში მიმდინარე საკმაოდ დაძაბული გასაუბრებების ფონზე, გამიჩინა ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ მინისტრი არ აღმოჩნდებოდა ის ადამიანი, რომელიც ჩემი ძმის ოპოზიციონერობის გამო ჩემს დასჯას ამ ფორმით გადაწყვეტდა.

კულტურის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა ორი დეპარტამენტი, სადაც ჩემთან გასაუბრების შემდგომ, ქალბატონი წულკიანის პირადი გადაწყვეტილებით, ერთმანეთის მიყოლებით ინიშნებოდნენ დაბალქულიანი და მის მიერვე გასაუბრებაზე "დაწუნებული“ ადამიანები. მათ შორის, მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე დაინიშნენ (ხელფასის მომატებით) ადამიანები, რომლებსაც ბრძანებით განუსაზღვრეს, რომ 6 თვის განმავლობაში უნდა გადაებარებინათ ტესტები და ეჩვენებინათ გაუმჯობესებული შედეგები. ამასთანავე, 5 ივნისიდან (ჩემი გასაუბრების დღე) 30 ივნისამდე (რეორგანიზაციის ბოლო დღე, როცა გათავისუფლების შესახებ მეცნობა), თვალს ვადევნებდი დანიშვნების პროცესს, რის მიმართაც მაქვს ბევრი შეკითხვა და რაც განხორციელდა უამრავი დარღვევით და ხარვეზით, როგორიცაა: ჩემი კოლეგების პირადი შეურაცხყოფები, რანგირების უკანონოდ შეცვლა, ჩამოქვეითება და სრულიად გაუგებრად, ამის საკომპესაციოდ, ხელფასის მინიმალური, 100 ლარით მატება, რაც ძალიან ბევრმა კოლეგამ გააპროტესტა იმ მიზეზით, რომ მოხელისთვის, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიულად და კარიერულად ვითარდება, მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს მიღებული რანგი, რაც საშუალებას აძლევს, სხვა სამსახურში გადასვლის შემთხვევაში მისი რანგის ტოლფასი თანამდებობით და ანაზღაურებით იქნას დაკმაყოფილებული“ - აცხადებს ახალაია.

კულტურის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მის შემთხვევაში არანაირ შემოთავაზებას არ ჰქონია ადგილი. მისი მონათხრობით, მას 30 ივნისს, სამუშაო დროის დამთავრებამდე სატელეფონო ზარით შეატყობინეს, რომ კულტურის სამინისტროში აღარ მუშაობდა.

"ამასთანავე, მე ვარ გათავისუფლებული იმ ოქმის საფუძველზე, რომელიც არაა კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი. 2021 წლის 05 ივნისის სხდომის ოქმი ამ წუთამდე ხელმოუწერელია კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ. ოქმებში ასახული გასაუბრების შეფასებები კი გზადაგზა იცვლებოდა, მათი შეხედულებისა და "საჭიროებისამებრ“. შესაბამისად, ხელმოუწერელი, დაუსრულებელი ოქმის საფუძველზე 1-ელ ივლისს სამინისტროდან როგორც გათავისუფლდნენ, ისე - დაინიშნენ ადამიანები“, - აღნიშნავს ის.

ნინო ახალაია ამჟამად "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად, საქალაქო სასამართლოში იბრძვის. სამსახურიდან დათხოვნა, ნინოსა და მისი უფლებადამცველის მოსაზრებით, პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება. მათი თქმით, კულტურის სამინისტროში 13-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი მისი ძმის - მანუჩარ ახალაიას "ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანების გადაწყვეტილების გამო გაუშვეს.

"31 იანვარს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა ახალი სახეები, რომელთა რიცხვშიც ჩემი ძმა, მანუჩარ ახალაია იყო, რომელსაც მანამდე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია. ის ორივე ხელისუფლების პერიოდში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძო ბიზნესში მუშაობდა. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ და ჩემი ძმა დევნილთა საკითხებზე მუშაობს. წინა ხელისუფლების დროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა ქონების რეგისტრაციის მიზნით დაიწყო პროექტი "ჩემი სახლი“. ეს პროექტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროში გადავიდა და საერთოდ, შეჩერდა. რადგან ეს მნიშვნელოვანი პროექტი იყო, ჩემმა ძმამ 4 მაისს სამინისტროში "ნაციონალური მოძრობის“ სახელით შეიტანა წერილი. მოითხოვა, განემარტათ ამ პროგრამის შეჩერების მიზეზები და მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა სამინისტრო მზად, დაუყოვნებლივ დაიწყოს ცნობების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქონების წინასწარი რეგისტრაციის შესახებ. მართალია, წერილის შეტანის დროს წულუკიანი უკვე კულტურის მინისტრი იყო, მაგრამ როგორც წლების განმავლობაში იუსტიციის შეუცვლელი მინისტრისგან, მაინც მისგან მოითხოვეს პასუხი, - იუსტიციის სამინისტროსთან რამდენიმე აქცია ჩატარდა, ასევე დევნილების და პარტიის წევრების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმის მიერ შეტანილ წერილზე პასუხის გაცემის ყველა დასაშვები ვადა ამოწურულია, იუსტიციის სამინისტრო დუმს. ამ წერილის პასუხად კი თეა წულუკიანმა ჩემი უკანონო და უსამართლო გათავისუფლება განახორციელა. ვფიქრობ, ჩემი გათავისუფლება სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი გადანაწილება შეიძლებოდა სამინისტროში კულტურის ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის ხელშეკრულების შემოთავაზებაც. ყველაფერი ეს კი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვარ ადამიანი, რომელიც დაუსაბუთებელი მიზეზებით, უკანონოდაა გათავისუფლებული“ - დასძენს ნინო ახალაია.

მოსარჩელის ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, ისინი დავის ფარგლებში ითხოვენ ნინო ახალაიას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ კულტურის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა თავისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით და მათ შესაგებელში უმეტესად აქვთ მითითება, რომ ეს არის მოსარჩელის მოსაზრებები და არა - რეალობა.

გიორგი ანთაძე

"აქ სამართლებრივად მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც რეორგანიზაცია ცხადდება, პირველ რიგში უნდა იყოს ამის ობიექტური საფუძველი, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს შტატების შემცირების საჭიროება. ასევე, თუ კადრების შემცირება ხდება საჭირო, კონკრეტული შტატების და თანამდებობის პირთა გასათავისუფლებლად შერჩევა უნდა ხდებოდეს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმებით და შეუძლებლად უნდა მიიჩნეოდეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება. პროცესის მიმდინარეობა უნდა გამორიცხავდეს ე.წ რეორგანიზაციის საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციულ მოტივებს. სამწუხაროდ, ნინო ახალაიას მიმართ აღნიშნული პროცედურები კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით განხორციელდა და ობიექტური კრიტერიუმებით, აუხსნელ მოვლენად რჩება მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

სამინისტროში რეორგანიზაციის გამოცხადებისას თანამშრომელთა შესამოწმებლად დაიგეგმა ტესტირება, ქართულ ენაში, ზოგად უნარებში, ასევე ზოგიერთი დეპარტამენტებისთვის დამატებით ინგლისურში და სამართლებრივ საკითხებში. შედეგებს პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, თუ ვინ იყო კვალიფიციური სამინისტროში; დამატებით ჩაინიშნა გასაუბრების ჩატარება ამ ადამიანებთან. ისე მოხდა, რომ ნინო ახალაიამ კარგი შედეგები აჩვენა ტესტირებაზე, შესაბამისად, ამ საფუძვლით მისი გათავისუფლება გამოირიცხა. ამის შემდგომ მას უკვე იბარებს გასაუბრებაზე მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელთან ერთადაც არიან კომისიის სხვა წევრებიც - ამ კომისიის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ კომისიაში, ფაქტობრივად, არ მოიძებნებოდა კულტურის სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლო, შეეფასებინა კულტურის სამინისტროში დასატოვებელი და გასაშვები მუშაკების კვალიფიკაცია. მასში ძირითადად შედიოდნენ ახალდანიშნული, იუსტიციის სხვადასხვა უწყებებიდან და სსიპ-ებიდან მიყვანილი პირები; უფრო მეტიც, კომისიაში შედიოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქმედი უფროსიც კი. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, "საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით“. ბუნდოვანია, თეა წულუკიანის მხრიდან რის მიხედვით შეირჩა თუნდაც ეს კონკრეტული კომისიის წევრი, გაუგებარია, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს როგორ შეეძლო, შეეფასებინა, კულტურის კონკრეტული მუშაკი ართმევდა თუ არა თავს დაკისრებულ მოვალეობას.

კონკრეტულად ნინოსთან მიმართებით, ერთი მხრივ ვხედავდით, რომ მას დადებითი შეფასება ჰქონდა, მეორე მხრივ კი გასაუბრებაზე მისთვის არანაირი პროფესიული კითხვა არ დაუსვამთ, რომელსაც შეიძლება, შესაბამისი კომისიისთვის ეჭვები გაეჩინა იმაზე, რომ ის არ იყო კომპეტენტური ან გარკვეულ მოვალეობას სათანადოდ ვერ შეასრულებდა; ამის საპირისპიროდ, როგორც ნინო აღწერს, მხოლოდ თეა წულუკიანმა დაუსვა მას კითხვები.

გარდა ამისა, კითხვაა, თუ რა შეიძლება, გამხდარიყო ნინოს გათავისუფლების საფუძველი, თუ ობიექტური საფუძველი არ არსებობდა, და რატომ შეირჩა მაინცდამაინც იგი, რომ გათავისუფლებულიყო სამსახურიდან? ჩვენი აზრები მიდის იქით, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მისი ძმის საქმიანობას, რომელიც კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წევრია - განახლების ფარგლებში ამ პარტიაში მივიდა, შემდგომ ჰქონდა კონკრეტული აქტივობები დაგეგმილი და განხორციელებული, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა უფლებების დაცვის კუთხით, აქტივობების ფარგლებში კი კრიტიკულ მოსაზრებებს აფიქსირებდა მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკაზე ამ მიმართულებით. აღნიშნულზე სავარაუდოდ შესაბამისი ინფორმაცია მიიღო მინისტრმაც“, - აღნიშნავს ანთაძე.

იურისტის თქმით, ეჭვებს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და თავად თეა წულუკიანის რამდენიმე თვის წინანდელი განცხადებებიც აღვივებს.

"წულუკიანის განცხადებები საქმეში მტკიცებულებადაც გვაქვს დართული. ფაქტია, რომ ნინოს გათავისუფლების არანაირი ობირექტური საფუძველი არ არსებობდა და ფაქტია, რომ ის აღარ მუშაობს; ასევე ფაქტია თეა წულუკიანის განცხადებებიც, რომ ის დაინტერესდებოდა კონკრეტული კულტურის მუშაკების მიუკერძოებლობით. ნინო ახალაია არ არის ერთადერთი, რომელიც წულუკიანმა ამ სამსახურიდან გაათავისუფლა და არცერთ მათგანზე არ საბუთდება, თუ რა ობიექტური გარემოებები უძღოდა წინ მათ გათავისუფლებას“, - ამბობს ადვოკატი, გიორგი ანთაძე.

რაც შეეხებათ კულტურის სამინისტროდან სხვა გათავისუფლებულ თანამშრომელს, ორი მათგანის ინტერესებს ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი იცავს. მისი კლიენტებიდან ერთ-ერთი რეორგანიზაციისთვის შექმნილი კომისიის წევრიც იყო. ბარამაშვილის თქმით, კადრის გათავისუფლება, რომელიც სისტემას მთელი 17 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, პოლიტიკური დისკრიმინაციის გამოვლინება იყო. საქალაქო სასამართლოში მათ მიერ შეტანილი სარჩელითაც მოთხოვნილია პირის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ვახტანგ ბარამაშვილი

"წლების განმავლობაში კულტურისა, განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროებმა უამრავი რეორგანიზაცია გაიარეს. იცით, რომ რამდენიმე თვის წინ იუსტიციის მინისტრი შეიცვალა. პარალელურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ორად გაიყო და ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამჯერად რეორგანიზებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მინისტრად დაინიშნა. თეა წულუკიანის შესახებ ცნობილი ფაქტია, რომ როცა ის ახალ პოზიციას იკავებს, საკუთარ გუნდთან ერთად (რომელსაც ყველგან თან დაატარებს) ატარებს ე.წ. წმენდას. რამდენადაც მე ვიცი, იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან ასე ჰყავს გათავისუფლებული დაახლოებით 20-მდე ადამიანი.

რეორგანიზაციის შემდეგ ორი ახალი სამინისტრო წინანდელის უფლებამონაცვლეა და იქ მომუშავე კადრებიც ორ ახალ სამინისტროში განაწილდნენ. რეალურად, რეორგანიზაციის შედეგად ორივე სამინისტროში მომუშავე პირთა რაოდენობა არ შეცვლილა, პირიქით, გაიზარდა. ამას ფორმალურად რეორგანიზაცია ჰქვია და მიღებული უკანონო პრაქტიკაა, როცა ადამიანების სამსახურიდან გაგდება გინდა და ამას რეორგანიზაციის მოტივით აკეთებ.

მე ორი ადამიანის უფლებებს ვიცავ, რომელიც თეა წულუკიანმა სამსახურიდან გაათავისუფლა. მათგან ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე ვდავობთ. ეს ადამიანი სამინისტროში 2004 წლიდან - 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. თავის დროზე, "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს კულტურის მინისტრის მოადგილეც იყო. გასაუბრებაზე წულუკიანმა ერთადერთი რამ ჰკითხა - იცნობდა თუ არა იმჟამინდელ მინისტრს. ჩემმა კლიენტმა დაადასტურა, რომ მას პირადად იცნობდა. მან გასაუბრებაში მინიმალური შეფასება მიიღო და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ცალსახაა პოლიტიკური დისკრიმინაცია.

ეს ორი თანამშრომელი, ვისზეც გესაუბრებით, მას შემდეგ, რაც რეორგანიზაცია მოხდა - დაინიშნენ თანამდებობებზე, დავალებები მიიღეს; დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ამუშავებდნენ ისეთი ინტენსივობით, ვერც წარმოიდგენთ. სამინისტროს ახალი თანამშრომლების სამუშაოს აღწერილობები და სტრუქტურა დაწერეს ორი კვირის განმავლობაში. ერთ-ერთი მათგანი იმ კომისიის წევრად დაინიშნა, რომელსაც უნდა მიეცა შეფასებები თითოეული თანამშრომლისთვის, ვინც გასაუბრებას გაივლიდა.

მართალია, რომ მას სხვა თანამშრომლების გათავისუფლებაზე ხელი დღემდე არ აქვს მოწერილი, რადგან როცა სამსახურიდან გამოუშვეს, არანაირი ოქმები არ არსებობდა - ჯერ მოხდა ადამიანების გათავისუფლება და სავარაუდოდ, ოქმები მოგვიანებით შეიქმნა, მას შემდეგ, რაც სადაო გახდა ზოგადად, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი - ესაა "ბექგრაუნდის“ შექმნა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ლეგალიზების მიზნით. მას შემდეგ, რაც ადამიანები გაუშვეს, ჩემს კლიენტს, უკვე სამსახურიდან გათავისუფლებულს სთხოვდნენ, კომისიის ოქმზე ხელი მოეწერა, თუმცა რა თქმა უნდა, მან ეს არ გააკეთა". - აცხადებს ადვოკატი.

ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, ეს პროცესი არც ერთ შემთხვევაში არ არის კანონიერი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ წლების განმავლობაში განაცდურების სახით ამჟამად კულტურის მინისტრის მიერ გაშვებულ კადრებზე საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული, რაც მოქალაქეების ჯიბიდან - სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება.

პროცესის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: პოლიტიკური დისკრიმინაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის სამუშაო პოზიციაზე, მისი გათავისუფლების შემდეგ კონკურსი გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ მისი გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი რეორგანიზაციის გამო სამუშაო პოზიციის არარსებობაა. სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების შუამდგომლობით მივმართე და მოვითხოვე დანიშვნის აკრძალვა და კონკურსის შეჩერება იმ დასაბუთებით, რომ თუ სასამართლო ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერ მოხერხდება სამსახურში აღდგენა, რადგან პოზიცია აღარ იქნება ვაკანტური. სასამართლომ თეა წულუკიანს კონკურსის ჩატარება და ახალი კადრის დანიშვნა აუკრძალა.

ძალიან საინტერესო ამბავია ის, რომ, ფაქტობრივად, ყველას, ვინც თეა წულუკიანმა გაათავისუფლა სამსახურიდან და ვინც საკუთარი უფლებების სასამართლო წესით დაცვა გადაწყვიტა, წულუკიანის წინააღმდეგ დავა მოგებული აქვს.

თეა წულუკიანს არ ადარდებს კანონი, ის მხოლოდ საკუთარი შეხედულებით იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს. ადამიანები უფლებრივად ზიანდებიან და საბოლოო ჯამში, ბიუჯეტიდან ვანაზღაურებთ მათ ზიანს. მას სასამართლოში დავის მოგების შანსი არ აქვს, ამიტომ ერთადერთი, რასაც ცდილობს დროის მოგებაა. იყო შემთხვევა, როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასაც არ ასრულებდა. მე რისი მოძიებაც შევძელი, თეა წულუკიანის მიერ უკანონოდ გაშვებული პირებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე გვაქვს ბიუჯეტიდან გადახდილი განაცდურის/კომპენსაციის სახით", - აღნიშნავს ბარამაშვილი.

  • AMBEBI.GE სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციის შესახებ სასაუბროდ, კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა, რამდენიმედღიანი კომუნიკაციის შემდეგ, გვითხრეს. რომ თუ მომხდარზე კომენტარს გააკეთებენ, დაგვიკავშირდებიან. AMBEBI.GE კვლავაც მზადაა, სამინისტროს პოზიცია მკითხველს გააცნოს, თუ სახელმწიფო უწყებაში კომენტარის გაკეთებას ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტენ.