ავტორი:

ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს ვარსკვლავი გაუხსნეს - ფოტოები საზეიმო ღონისძიებიდან

ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს ვარსკვლავი გაუხსნეს - ფოტოები საზეიმო ღონისძიებიდან

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე და მოვიპოვე ეს ოლიმპიური ვარსკვლავი. თავიდან, სანამ ოლიმპიადაზე წავიდოდი, როცა აქ მოვედი, რაღაც მიუწვდომელი ჩანდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოკლე დროში მოვახერხე და ჩემი სურვილი ასრულდა. როგორც აქამდე ვთქვი, ვეცდები, რომ ის 4 ოლიმპიური ოქრო მოვიგო, რაც რეკორდისთვის არის საჭირო. ვარჯიში უკვე განვაახლე, მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატია და 3 წელში ისევ ოლიმპიადა იქნება, სადაც ვეცდები, რომ ჩვენი ხალხი კიდევ გავახარო", - თქვა ლაშა ბექაურმა.

ამასთან, შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს, რომელმაც ზედიზედ მეორე ოლიმპიური თამაშები მოიგო (2016 და 2021 წლებში).

"ზუსტად ამ დღეს, 1989 წელს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაარსდა და ამ თარიღს დავამთხვიეთ, რომ ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის ვარსკვლავები გაგვეხსნა. დღეიდან გაიხსნება ლაშა ბექაურის ვარსკვლავი და მეორე წარწერა დაემატება ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს. გასული ოლიმპიადის შედეგი იყო ისტორიული, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენს ნაკრებს ერთ ოლიმპიადაზე არასდროს აუღია 8 მედალი, ეს არის უდიდესი წარმატება", - განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ღონისძიებაზე გამოსვლისას.

ღონისძიების ფარგლებში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-მონაწილეთა ასპარეზობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.