ავტორი:

"ფეისბუქში" ყველაზე მეტი - ათასობით ლარი გიორგი ვაშაძემ და "ევროპულმა საქართველომ" დახარჯეს - როგორია სხვა საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო ხარჯი სოციალურ ქსელში?

"ფეისბუქში" ყველაზე მეტი - ათასობით ლარი გიორგი ვაშაძემ და "ევროპულმა საქართველომ" დახარჯეს - როგორია სხვა საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო ხარჯი სოციალურ ქსელში?

საქართველოში საარჩევნო კამპანიები და მათ შორის - რეკლამები ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. ჩვენში პოლიტიკოსების ნებისმიერი ტიპის რეკლამებს შეხვდებით, დაწყებული ტრაგიკომედიური, გაუკრვეველი პოსტერებით, დასრულებული პოპულისტური პროპაგანდით. მოსახლეობაში სოციალური ქსელების მზარდი პოპულარობის გათვალისიწინებით, პოლიტიკურმა ძალებმა სოციალურ ქსელებში ნამდვილი სარეკლამო ბატალიები მოაწყეს და ამაში რესურსიც არ დაზოგეს, თუმცა ვინ რა მიიღო ამის შედეგად, ეს სხვა საკითხია...

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" არსებული სტატიტიკის თანახმად, ქართველი პოლიტიკოსები განსაკუთრებით დაიხარჯნენ სწორედ ამ ქსელის მომხმარებლისთვის თავის მოსაწონებლად, თუმცა არჩევნების შედეგების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "ფეისბუქრეკლამაში“ დახარჯული თანხები არანაირად არ უზრუნველყოფს მაღალ საარჩევნო შედეგებს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ტიპის რეკლამისას, მთელი მოგება მიდის სწორედ უცხო სოციალური ქსელის ყულაბაში და ქვეყანაში არაფერი რჩება.

იმის იდეალური მაგალითი, რომ სოცქსელის რეკლამა არსებით პოზიტიურ შედეგს არ აძლევს დამკვეთს, არის "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის "ფეისბუქ-გვერდი" "Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე", რომელმაც ა.წ. 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე 13 629 დოლარი დახარჯა. არჩევნებზე კი სულ რაღაც 23 629 ხმა აიღო.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი ვაშაძის პარტიას ხმა 60 671 ამომრჩეველმა მისცა. მთლიანობაში კი, "ფეისბუქის“ მონაცემებზე დაყრდნობით, ვაშაძემ ბოლო 1 წლის განმავლობაში "ფეისბუქრეკლამაში" 133 492 დოლარი გადაიხადა. ასევე, პარტიის გვერდზე "სტრატეგია აღმაშენებელზე“ ბოლო ერთ წელს რეკლამებში 22 995 დოლარია გახარჯული, უკანასკნელ კვირაში კი 245 დოლარი.

"ფეისბუქდამკვეთებში" ასევე ლიდერობს "ევროპული საქართველო“, რომელმაც 1 წლის განმავლობაში - 151 566, ხოლო გასული კვირის მონაცემებით, 5 591 დოლარი დახარჯა. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას ოფიციალურ გვერდზე 7 დღის მონაცემებზე დაყრდნობით, 600 დოლარი, ხოლო ერთ წელში 9 123 დოლარია რეკლამაში გადახდილი. რაც შეეხება ამომრჩელების რაოდენობას, წინა წელთან შედარებით მათაც გაუარესება აქვთ და წელს მხოლოდ 29 280 ამომრჩევლის გული მოიგეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორობით "დაბუსთულმა“ რეკლამის რაოდენობამ ერთი წლის მასშტაბით 63 211 დოლარი შეადგინა, ბოლო კვირაში კი 200 დოლარის რეკლამაა გაშვებული.

სოციალურ ქსელში ასევე აქტიურობდა პარტიის ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც ბოლო ერთ კვირაში ყველაზე მეტი - 38 333 დოლარი გახარჯა, ხოლო 1 წელში მისი ოფიციალური გვერდის სარეკლამო ხარჯმა 97 824 დოლარი შეადგინა. ზემოთ დასახელებული პარტიებისგან განსხვავებით, "ნაცმოძრაობას“ მცირე მატება ჰქონდა, მათ სასარგებლოდ ხმა 541 063-მა ადამიანმა მისცა, გასულ წელს კი - მისი მხარდამჭერი ელექტორატი 523 127 ადამიანით შემოიფარგლა. თუმცა ეს რამდენად არის "ბუსტის“ დამსახურება, საკითხავია.

შედარებით ნაკლები დახარჯეს შემდეგმა პარტიებმა და ლიდერებმა:

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის“ "ფეისბუქგვერდზე" 1 წელიწადში დახარჯა 95 326 დოლარი, ბოლო კვირაში 534 დოლარი.

მამუკა ხაზარაძის ოფიციალურმა გვერდმა კი - 1 წელიწადში დახარჯა 39 717, ბოლო კვირაში - 2 683 დოლარი.

რაც შეეხება ხმების რაოდენობას, "ლელოსაც“ გაუარესება ჰქონდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათ აიღეს 60 712 ხმა, ხოლო 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობაზე, 12 874 ხმით ნაკლები.

სოციალურ ქსელში თავს არ იზღუდავდა არც მმართველი ძალა. "ქართულმა ოცნებამ“ "ფეისბუქრეკლამაში" 1 წელიწადში 110 999 დოლარი, ხოლო ბოლო კვირაში 6 224 დოლარი გადაიხადა.

თბილისის მერობის კანდიდატმა და "ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ კი ოფიციალურ გვერდზე ერთ წელიწადში 22 851 დოლარი, ხოლო გასულ კვირაში 4 387 დოლარი დახარჯა.

"ქართულ ოცნებასაც“ ამომრჩეველი წინა წელთან შედარებით შეუმცირდა. მათ წელს 103 690 ადამიანით ნაკლებმა მისცა ხმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას ახლად შექმნილ პარტიას "საქართველოსთვის“, მის ოფიციალურ გვერდზე ბოლო კვირაში 149 დოლარი, ხოლო შექმნიდან დღემდე, ჯამში 4 566 დოლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ცალკეულ კანდიდატებს საკუთარი "ფეისბუქ-გვერდები" აქვთ და შეუძლიათ თვითონ დაასპონსორონ რეკლამა.

მაგალითად, "ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გორში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომლის წარმატებული გარეკლამების, ბოლო და შესაძლოა, ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ "ბუსთი“ იყო, ბოლო კვირაში 330 დოლარი აქვს გადახდილი. 17 აგვისტოდან 3 ოქტომბრამდე კი 1 089 დოლარი.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით 2 879 დოლარი, ხოლო 1 წელიწადში 14 727 დოლარი დახარჯვა. პირველ შემთხვევაში ხინჩეგაშვილს გაუმართლა და გორის მერი პირველივე ტურში გახდა, აი, შაქარიშვილი კი თბილისის საკრებულოს მიღმა დარჩა.

აღნიშნული ინფორმაცია გამჭირვალეა და "ფეისბუქის“ ნებისმიერი მომხარებლისთვის ხელმისაწვდომია. მას "რეკლამების ბიბლიოთეკა“ ჰქვია, რომელიც ყველა "ფეისბუქგვერდზეა“. ცნობისთვის, ეს ინფორემაცია "ფეისბუქმა" ხელმისწავდომი გასულ წელს გახადა, შესაბამისად, 2020 წლამდე დახარჯული თანხის მონაცემები უცნობია.

ავტორი: ანრი კურტანიძე