ავტორი:

რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ გამოვლინდება და კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დიაბეტიანი პაციენტი?

რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ გამოვლინდება და კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დიაბეტიანი პაციენტი?

ცნობილია, რომ "კოვიდ-19“-ით დაინფიცირებისას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები რისკჯგუფს წარმოადგენენ. ამ კატეგორიაში შედიან დიაბეტის მქონე ადამიანები, რომელთაც დაინფიცირების შემთხვევაში ზოგჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმდებათ.

რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ გამოვლინდება, რა გართულებები ახასიათებს მას და კოვიდის შემთხვევაში როგორ უნდა იმართოს ის, ამაზე AMBEBI.GE-ს კლინიკა "ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი ესაუბრება.

- შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის (ანუ შაქრის) დონის მატებით. დაავადების სიმპტომებიც ჰიპერგლიკემიას (სისხლში გლუკოზის მატება) უკავშირდება, ის გამოვლინდება ჩივილებით: პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, სისუსტე, მოთენთილობა, გარკვეულ შემთხვევებში წონაში კლება. ხანგრძლივი ჰიპერგლიკემიას კი წლების შემდეგ მოყვება დიაბეტის გართულებები სხვადასხვა სისტემის მხრივ, რაც განპირობებულია დროთა განმავლობაში ორგანოთა და ქსოვილთა მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით.

დიაბეტიან პაციენტს, რომელიც წლების განმავლობაში არ იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ან არ ასრულებს მის მითითებებს, შესაძლოა, განუვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. ასევე დიაბეტური ტერფი, რომელიც არცთუ იშვიათად სრულდება ტერფის ამპუტაციით; თირკმლის უკმარისობა, რასაც მივყავართ დიალიზის საჭიროებამდე; თვალის ბადურაზე შეუქცევადი ცვლილებები, რასაც არც თუ იშვიათად მოყვება სიბრმავე; ასევე ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია, ეს განაპირობებს ქსოვილების და ორგანოების არამარტო სისხლმომარაგების შემცირებას, არამედ ინერვაციის შემცირებასაც.

- დაბეტის ორი ტიპი არსებობს, რა სხვაობაა მათ შორის? თუ შეიძლება, მათი თავიდან აცილება?

- მართალია, შაქრიანი დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს (არსებობს სხვა ტიპებიც, მაგრამ ვფიქრობ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. პირველ რიგში მოკლედ უნდა ავხსნათ, დიაბეტის დროს რა სახის ჰორმონალური დარღვევასთან გვაქვს საქმე. ორივე ტიპის შემთხვევაში საქმე ეხება ჰორმონ ინსულინს, ის გამომუშავდება პანკრეასის (ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის) ბეტა უჯრედების მიერ. ინსულინი ჰორმონია, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის უჯრედში ტრანსპორტირებას.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 აუტოიმუნური დაავადებაა, საკუთარი იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ორგანოს წინააღმდეგ, ეტაპობრივად მცირდება ინსულინის გამოყოფა, სისხლში ინსულინის შემცირება კი იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მატებას, რადგან ის ვეღარ შედის უჯრედში. რაც შეეხება მის გამომწვევ მიზეზებს და იმას, შეგვიძლია თუ არა მისი თავიდან აცილება, პასუხი ასეთია - ზოგადად აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ცნობილი არ არის, თუმც ტიპი 1 დიაბეტს ხშირად უკავშირებენ გარკვეულ ვირუსულ ინფექციას, აღნიშნული დაავადების თავიდან აცილება შეუძლებელია. ტიპი 1-ის მკურნალობა ხდება მხოლოდ ინსულინის საშუალებით.

ტიპი 2 დიაბეტის დროს სისხლში ინსულინის რაოდენობა ნორმის ფარგლებშია, ზოგჯერ მომატებულიც კი არის, მაგრამ მისი აღქმა ვერ ხდება რეცეპტორების მიერ, რაც ისევ და ისევ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მატებას, ვინაიდან ის ვეღარ აღწევს უჯრედშიდა სივრცეს. მნიშვნელოვანია, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 გაცილებით გავრცელებულია მოსახლეობაში და წლიდან წლამდე ამ პაციენტების რიცხვი მატულობს.

ჭარბი წონა, სიმსუქნე, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მარტივი ნახშირწყლების (ტკბილეული, განსაკუთრებით ტკბილი სასმელები) დიდი რაოდენობით მიღება, სტრესი და მემკვიდრული განწყობა - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც წლების განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითერებამდე მივყავართ. აღნიშნული ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება შესაძლებელია კვების კორექციით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური აქტივობით.

- და მაინც რომელი უფრო "ვერაგია“?

- რთული სათქმელია, არ მიყვარს როცა შაქრიან დიაბეტს "ვერაგ“ დაავადებას უწოდებენ. ხშირად სწორედ დიაბეტი აიძულებს ადამიანს შეცვალოს ცხოვრების წესი: იკვებოს უფრო ჯანსაღად, დაკავდეს სპორტით და დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები. ასე რომ, გარკვეულ შემთხვევებში ის პირიქით ადამიანს უბიძგებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ, რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ცხოვრების გახანგრძლივებას. მაგრამ თუ პაციენტი ვერ ახერხებს გლიკემიების დარეგულირებას, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ასეთ დროს, დიაბეტი ნამდვილად აჩენს თავის "ვერაგ“ სახეს წლების შემდეგ.

ორივე ტიპის დიაბეტს აქვს გარკვეული უპირატესობა მეორესთან შედარებით. მაგალითად, ტიპი 1 უფრო მწვავედ იწყება, მაგრამ დიაგნოზის დასმისას ვიცით, რომ ცვლილებები ახალი დაწყებულია და სისხლძარღვები არ არის ხანგრძლივი ჰიპერგლიკემიის შედეგად დაზიანებული, ინსულინთერაპიის დროული დაწყება და დაავადების სწორი მართვის შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა, არასდროს განუვითარდეს დიაბეტის გართულებები. ტიპი 2-ის შემთხვევაში კი ხშირად დიაგნოზის მომენტში უკვე დაზიანებულია სისხლძარღვები და ნერვები, რადგან ტიპი 2-ის დროს შაქრის მაჩვენებელი ნელ-ნელა მატულობს და წლების განმავლობაში აზიანებს სისხლძარღვებს. ტიპი 1-ის დროს ინსულინთერაპიაზე მყოფი პაციენტი თუ კარგად ითვლის ნახშირწყლოვან ერთეულებს, ნაკლებად იზღუდავს თავს კვების თვალსაზრისითაც.

რაც შეეხება ტიპი 2-ის უპირატესობას, ხშირად მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილებით მნიშვნელოვნად რეგულირდება შაქრის მაჩვენებლები სისხლში. ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნული მედიკამენტების ფონზე, ხშირად საკმაოდ მარტივად იძლევა გლიკემიის (შაქრის) მაჩვენებლების ნორმალიზებას სისხლში.

- "კოვიდ-19“-ის შემთხვევაში ყველა ქრონიკული დაავადება მწვავდება, მათ შორის, დიაბეტიც. რა გართულებას იწვევს კოვიდი დიაბეტის მქონე პაციენტებში?

- "კოვიდ-19“-ის დროს, ისევე როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, ორგანიზმში მიმდინარე ძვრები იწვევს შაქრიანი დიაბეტის "გამწვავებას“ ანუ შაქრის დონის მომატებას. ზოგჯერ შაქართან ერთად, სისხლში მატულობს კეტოსხეულების (ანუ აცეტონის) რაოდენობა, ყალიბდება მანკიერი წრე: შაქრიანი დიაბეტის გამწვავება იწვევს კოვიდის მიმდინარეობის გამწვავებას და პირიქით.

- თუმცა შესაძლოა, ის არც გამწვავდეს და რა არის ამის მიზეზი?

- დიახ, სავსებით შესაძლებელია, თუ საქმე გვაქვს კოვიდის მსუბუქ ფორმასთან, რომელიც არ იწვევს ანთებით ძვრებს ორგანიზმში, ან პაციენტს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა იდეალურად დარეგულირებული გლიკემიები. ცნობილია, რომ კარგად მართული შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ნაკლებია კოვიდის მიმდინარეობის დამძიმების ალბათობა.

- როგორ უნდა მოიქცეს დაინფიცირების შემდგომ დიაბეტის მქონე პაციენტი?

- დიაბეტის მქონე პაციენტი დაინფიცირების შემთხვევაში დროულად უნდა დაუკავშირდეს მკურალ ენდოკრინოლოგს. რეკომენდებულია საწყის ეტაპზევე მოხდეს ენდოკრინოლოგის მიერ შაქრიანი დიაბეტის მხრივ მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს ცვლილებების შეტანა მკურნალობის სქემაში. დიაბეტიანი პაციენტი კოვიდინფექციის დროს საჭიროებს ენდოკრინოლოგის აქტიურ მეთვალყურეობას.

- ე.ი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი მაინც დაავადების სწორად მართვაზეა დამოკიდებული?

- რა თქმა უნდა, დიდი წილი სწორედ დაავადების სწორ მართვაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ დიაბეტიანი პაციენტი, თუ შაქრის მაჩვენებლები (გლიკემიები) ნორმის ფარგლებში აქვს, არ თვლის საჭიროდ დაუკავშირდეს ენდოკრინოლოგს. აღსანიშნავია, რომ დარეგულირებული გლიკემიების მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის სქემა. ამრიგად, მნიშვნელოვანია, კოვიდინფიცირებული დიაბეტიანი პაციენტის მართვაში საწყის ეტაპზევე ენდოკრინოლოგი იყოს ჩართული.

- რა პრობლემებით გაკითხავენ პოსტკოვიდურ პერიოდში ამ კატეგორიის პაციენტები?

- პოსტკოვიდის პერიოდში მომართვიანობისას ჩივილები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყო მართული დიაბეტი კოვიდის პერიოდში, უმეტესად პაციენტები მოგვმართავენ ჰიპერგლიკემიის ჩივილებით. არის შემთხვევები, როცა შაქრის ნორმალური მაჩვენებლების მიუხედავად, პაციენტებს აწუხებთ აუხსნელი სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ჰაერის უკმარისობა, არტერიული წნევის მატება. ასეთ დროს გარდა დიაბეტთან დაკავშირებული ანალიზებისა, ვაკონტროლებთ: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, დ. ვიტამინს და საჭიროების შემთხვევაში, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციასაც.

- რა მკურნალობის კურსი ენიშნებათ? ანუ როგორ მკურნალობთ მათ?

- მკურნალობის კურსი ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ცვლილებებს მივიღებთ ანალიზებით. თუ არის დარღვეული გლიკემიები, პირველ რიგში ვახდენთ მის ნორმალიზებას. თუ გვაქვს ცვლილებები სხვა ენდოკრინული ორგანოების მხრივ, ვმკურნალობთ მიღებულ დარღვევას.

- როგორია ზოგადი რეკომენდაციები?

- ზოგადი რეკომენდაციები დიაბეტიანი პაციენტებისთვის ყოველთვის ერთი და იგივეა: მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, პერიოდულად იკონტროლონ გლიკემიები, რეგულარულად მიმართონ ენდოკრინოლოგს და შეასრულონ მისი მითითებები. დაინფიცირების შემთხვევაში დროულად დაუკავშირდნენ ენდოკრინოლოგს, სასურველია, გლუკოზასთან ერთად, გაიკონტროლონ სისხლში კეტოსხეულები, თუ მაღალი ტემპერატურის ფონზე გლიკემიები რჩება ნორმალური ან ქვეითდება, ეს ყოველთვის კარგის მომასწავებელი არ არის. დიაბეტიანმა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება იწვევს შაქრის მაჩვენებლების ნორმალიზებას ან დაქვეითებასაც კი. ვისურვებდით, რომ ჩვენ ქვეყანაში გაიზარდოს ცნობიერება ამ კუთხით და უფრო მეტი კარგად მართული დიაბეტიანი პაციენტი გვყავდეს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ჯანდაცვის კუთხით ქვეყნის მდგომარეობას.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fenmedic%2Fvideos%2F422071272348469%2F&show- text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R