ავტორი:

როგორ უთვალთვალებდა დუბაის მმართველი მისგან გაქცეულ ცოლს - ჯაშუშური სქემა და ბრიტანული სასამართლოს სკანდალური დადგენილება

როგორ უთვალთვალებდა დუბაის მმართველი მისგან გაქცეულ ცოლს - ჯაშუშური სქემა და ბრიტანული სასამართლოს სკანდალური დადგენილება

დუბაის მმართველი, შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამჯერად ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრძანებით მობილური ტელეფონები "დაუჰაკეს" დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მის ყოფილ ცოლს, იორდანიის პრინცესა ჰაიას, ასევე ჰაიას ადვოკატებსა და მისი დაცვის წევრებს.

უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, დუბაის მმართველი აღნიშნული ქმედებით ჩაერია ბრიტანეთის მართლმსაჯულებაში, ამით დაირღვა დიდი ბრიტანეთის სისხლის სამართლის კანონი, კანონი საერთო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ. ბუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება.

პრინცესა ჰაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ყოფილი ქმარი უთვალთვალებდა, აქვს განცდა, რომ "მუდმივად სდევნიან" და მასზე "გამუდმებით ნადირობენ". თავად შეიხი მუჰამედი უარყოფს ყოველივეს და ამბობს, რომ არ იცოდა, თუ მის ყოფილ ცოლს უთვალთვალებდნენ.

სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ პრინცესა ჰაიას, მის ადვოკატებსა და ასევე დაცვის წევრებს უთვალთვალებდნენ ტელეფონში "ჩაშენებული" იმ პროგრამით, რომელსაც როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის ჯაშუშები იყენებენ, საუბარია Pegasus-ის შესაბამის პროგრამაზე. როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული პროგრამით ტელეფონის უზრუნველყოფა შესაძლებელია sms-ის, WhatsApp-ის, iMassage-ის გამოყენებით და მისი საშუალებით მოიპოვებენ ინფორმაციას შემდეგი აპლიკაციებიდან - sms, Email, WhatsApp, GPS. ასევე, შესაძლებელია მობილურ ტელეფონში მიკროფონის აქტივაცია, კამერის აქტივაცია, წვდომა კონტაქტებთან, სატელეფონო საუბრების ჩაწერა, წვდომა ტელეფონის ფოტო და ვიდეო ბაზასთან.

გამოძიების ვერსიით, სავარაუდოდ, მსგავსი ჯაშუშური პროგრამა პრინცესა ჰაიასა და მისი გარემოცვის ტელეფონებში საუდის არაბეთის მთავრობის აგენტებმა "ჩააშენეს" და ისინი დუბაის მმართველის ბრძანების საფუძველზე მოქმედებდნენ. როგორც BBC-ი წერს, მსხვერპლისთვის წარმოუდგენლად რთულია აღმოაჩინოს, რომ მასზე თვალთვალს ახორციელებენ, როცა საქმე ეხება Pegasus-ის პროგრამას.

  • შეიხი, რომელსაც ქალები გაურბიან

ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილება კიდევ ერთი დარტყმაა შეიხისთვის, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია ოჯახის წევრი ქალების მიმართ დაუნდობლობით. შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს მეთაურია - ის არის დუბაის მმართველი და არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტი.

შეიხმა მუჰამედმა წარმატებული ქალაქი ააშენა, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იქ არ არსებობს ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ და სახეზეა ქალების უკიდურესი დისკრიმინაცია.

პრინცესა ლატიფა

პრინცესა ჰაიამ, რომელიც შეიხის ერთ-ერთი ცოლი იყო, რამდენიმე წლის წინ, ორ შვილთან ერთად, მოახერხა ქმრისგან გაქცევა. მან დიდ ბრიტანეთში დაცვა მოითხოვა, საუბრობდა შეიხის მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტებზე. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია მისი შვილის, პრინცესა ლატიფას შესახებ, რომელმაც რამდენჯერმე სცადა გაქცევა, თუმცა ყოველ ჯერზე უკან დააბრუნეს და ამ დროისთვის მედიაში წერენ, რომ ის მამის ტყვეობაშია.