ავტორი:

ვინ არის სერგეი შოიგუ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის "რჩეულს" უწოდებენ და რატომ მოიხსენიებენ მას "პუტინის მემკვიდრედ"

ვინ არის სერგეი შოიგუ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის "რჩეულს" უწოდებენ და რატომ მოიხსენიებენ მას "პუტინის მემკვიდრედ"

ხორვატულ ცნობილ გამოცემა Advance-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "სერგეი შოიგუს ვლადიმერ პუტინის მემკვიდრედ გამოცხადების ყველაზე მეტი შანსი აქვს" (ავტორი - ანტუნ როშა), რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი რუსეთის მომავალი ლიდერის თაობაზე. პუბლიკაციაში განხილულია სერგეი შოიგუს კანდიდატურა, გადმოცემულია როგორც მისი ბიოგრაფიის მომენტები, ასევე, დასახელებულია პოპულარობის მიზეზები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

"ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად საკმაოდ დიდი ხნის წინ გახდა - 2000 წელს. მსოფლიო მაშინ სხვანაირი იყო და არც რუსეთი იყო დანარჩენი ქვეყნებისაგან გამონაკლისი. ვლადიმერ პუტინის არჩევა მოხდა ჯერ კიდევ აშშ-ზე ტერორისტულ შეტევამდე, რომელმაც შემდეგ დასაბამი მისცა ამერიკის შეჭრას ერაყსა და ავღანეთში. ამ მოვლენებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო მსოფლიოს გეოპოლიტიკაზე, არამედ - მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაზეც. თუ დღევანდელ ურთიერთობას იმდროინდელს შევადარებთ, 2000 წლამდე ორი სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულებას იდილიურიც კი შეიძლება, ვუწოდოთ.

რა თქმა უნდა, ურთიერთობები მთლად იდეალური არ იყო, მაგრამ ამერიკა რუსეთს ისეთ ქვეყნად თვლიდა, რომელიც მისთვის ცივი ომისდროინდელ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. უფრო მეტიც - აშშ რუსეთში ახალ ეკონომიკურ პარტნიორს ხედავდა, პროდუქციის გასაღების ბაზრის სახით. რუსეთის უბრალო მოქალაქეებისათვის ეს ნიშნავდა შოკური დოქტრინის დასასრულს ანუ სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლას. ისინი ხედავდნენ, რომ 1990-იან წლებში ადამიანთა მცირერიცხოვანი გავლენიანი ჯგუფი (ოლიგარქები) ზღაპრულად მდიდარი გახდა, ხალხის დიდი ნაწილი კი - გაღატაკდა.

რუსეთის პირველმა მმართველმა (სსრკ-ის დაშლის შემდეგ) ბორის ელცინმა ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის ისეთი მომავლისათვის, რითაც დასავლეთი აშკარად კმაყოფილი იყო - მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში მშვენივრად ესმოდათ, რომ ბორის ნიკოლაევიჩი "არასტაბილურ" პრეზიდენტს წარმოადგენდა. და როცა მისი მმართველობის ორმანდატიანი ვადა ამოიწურა, დადგა დრო, მას თავისი მემკვიდრე მოეძებნა. ბორის ელცინმაც თავისი უახლოესი თანამებრძოლი - ვლადიმერ პუტინი შეარჩია, რომელიც იმ დროს - 1999 წელს - 47 წლისა იყო.

კრემლის "რჩეულის" სახელით ვლადიმერ პუტინმა ადვილად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში და ხმების 53,4% მიიღო. იმ დროს დასავლეთში არავის არანაირი კითხვა არ უჩნდებოდა, თუ რამდენად "დემოკრატიული და ღირსეული" იყო ეს არჩევნები. დასავლეთი კმაყოფილი იყო იმით, რომ ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა და არა - მისმა მოწინააღმდეგემ, კომუნისტმა გენადი ზიუგანოვმა, რომელიც მიღებული ხმების რაოდენობით (29,5%) მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა მოგვიანებით დაიძაბა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ვლადიმერ პუტინს "თავში აზრად მოუვიდა" იდეა რუსეთის აღორძინებაზე და ამის გაკეთება ისე მოისურვა, რომ მისი ქვეყანა, თუნდაც უკვე კაპიტალისტური რუსეთი, მხოლოდ დასავლეთის ინტერესების სამსახურში არ ყოფილიყო. დაძაბულობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ რუსეთმა მხარი დაუჭირა სირიას და მის ლიდერს - ბაშარ ასადს, რომელიც დასავლეთს "შავ სიაში" ჰყავდა შეყვანილი და მისი რეჟიმის შეცვლა იყო დაგეგმილი. დასავლეთთან დაძაბულობის პიკმა კი 2014 წელს მიაღწია, რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის მიტაცების გამო. მას შემდეგ ჩვენ მოწმენი ვართ აშშ-რუსეთს შორის უთანხმოების ზრდის პროცესისა და საეჭვოა, იმის იმედი, რომ მათი ურთიერთობა 1990-იანი წლების კვაზიიდილიურ პერიოდს დაუბრუნდება. მაქსიმუმი, რასაც უნდა ველოდოთ დადებითი თვალსაზრისით, ესაა პრაგმატული ურთიერთობის აწყობა ცალკეული, ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებში. და ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ დროს, როცა აშშ გარკვეულ დასუსტებას დაიწყებს (ახლა, როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სიტუაციის მოწმენი ვართ, ამერიკელების ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ).

ვლადიმერ პუტინი მრავალი წელია, "რუსული იმპერიის მმართველის ტახტზე" ზის. იგი ქვეყნის პრეზიდენტად, პრინციპში, განუწყვეტლივ - 2000 წლიდან - დღემდე რჩება: მართალია, 2008-2012 წლებში იგი პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, პრეზიდენტი კი დიმიტრი მედვედევი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველას კარგად ესმოდა, რომ მედვედევს პუტინის გარეშე არაფერის გაკეთება არ შეეძლო და პრეზიდენტის სავარძელიც პუტინისთვის ჰქონდა "დაკავებული".

დღეისთვის ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლება კიდევ უფრო განიმტკიცა, შეცვალა კონსტიტუცია, რომელიც მას თეორიულად უფლებას აძლევს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს (თუ იგი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას). დღეს პუტინი 68 წლისაა, 2036 წლისათვის კი იგი 83 წლისა შესრულდება. ნუთუ მართლაც ასე დიდი ხნით გეგმავს იგი ქვეყნის მართვას?

ფაქტი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინის პოპულარობა რუსეთში ისეთი აღარ არის, როგორიც 7-8 წლის წინ იყო. არიან ისინიც, რომლებიც თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინი, ალბათ, თავის მემკვიდრეს იპოვის, შეარჩევს და თვითონ 2036 წლამდე ქვეყნის ლიდერი აღარ იქნება. თვითონ მას მსგავსი რამ საჯაროდ არასოდეს უთქვამს და სავარაუდო მემკვიდრე არასოდეს დაუსახელებია. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია, სხვადასხვა ვარაუდი გამოითქმება იმაზე, თუ ვინ იქნება პუტინის "რჩეული" პიროვნება. ცხადია, ბევრი იდეა და მოსაზრება იცვლება ხოლმე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მაგრამ სულ უფრო ხშირად ისმის ხმები, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრე მისივე ახლო თანამებრძოლი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იქნება.

კაცმა რომ თქვას, სერგეი შოიგუ მართლაც შეიძლება პუტინის მემკვიდრე გახდეს - თავდაცვის მინისტრი ხომ რუსეთის შიდაპოლიტიკურ არენაზე მეორე პოპულარული პიროვნებაა, პრეზიდენტის შემდეგ. გარდა ამისა, შოიგუ არაჩვეულებრივი ადამიანია რუსულ პოლიტიკურ ზედაფენაში, "მწვერვალზე": მიუხედავად იმისა, რომ მის სახელსა და გვარს თითქოსდა რუსული ელფერი აქვს, სინამდვილეში, სერგეი შოიგუ წარმოშობით ტუვის რესპუბლიკიდანაა, რომელიც მონღოლეთის საზღვართან მდებარეობს. ტუვა რუსეთის ეგზოტიკური რეგიონია, ხოლო სერგეი შოიგუ - ერთ-ერთი პიროვნებაა იმ მცირერიცხოვანი ეთნიკური წარმომადგენლებიდან, რომლებსაც რუსეთში ესოდენ მაღალი მდგომარეობა უკავიათ. სანამ თავდაცვის მინისტრი გახდებოდა, იგი საგანგებო სიტუაციათა მინისტრი იყო, შემდეგ კი - მოსკოვის ოლქის გუბერნატორი. წაიკითხეთ სრულად