დღეს სამართალდამცველებმა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული და მიმალვაში მყოფი აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. ის, თუ რა ვითარებაში დააკავეს ბრალდებულები, ოფიციალურად არ გაცხადებულა.
თუმცა AMBEBI.GE-მ წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია. როგორც სანდო წყარო გვიყვება, ბრალდებულები ერთ-ერთი ვაკელის აგარაკზე იმალებოდნენ.
"დაახლოებით 4 საათზე პოლიციელების შემოვლის ჯგუფს წყნეთში, ქუჩაში ერთ-ერთი ბრალდებული დაუნახავს და ამოუცვნია (როგორც ჩანს, მაღაზიაში იმყოფებოდა). სამართალდამცველები მის კვალს მიჰყვნენ და როცა აკავებდნენ, ჭელიძემ გაქცევა სცადა. პოლიციელებმა ტყეს ალყა შემოარტყეს და სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, მისი დაკავებაც შეძლეს. როგორც გაირკვა, ჭელიძე და კავილაძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოდან არ გასულან და ისინი ერთ-ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ", - გვიყვება წყარო.
დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც:
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს.
ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ეძებდა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.