22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "კურიერი" ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულამდე ერთი თვით ადრე თურქეთში იმყოფებოდნენ და სწორედ იქ დაიგეგმა სისხლიანი ანგარიშსწორება.
ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი კავილაძე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთში იმყოფებოდა, მისი მეგობარი ირაკლი კეთილაძე ადასტურებს.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული და მიმალვაში მყოფი აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე გუშინ დააკავეს. როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, ბრალდებულები ერთ-ერთი ვაკელის აგარაკზე იმალებოდნენ.
"დაახლოებით 4 საათზე პოლიციელების შემოვლის ჯგუფს წყნეთში, ქუჩაში ერთ-ერთი ბრალდებული დაუნახავს და ამოუცვნია (როგორც ჩანს, მაღაზიაში იმყოფებოდა). სამართალდამცველები მის კვალს მიჰყვნენ და როცა აკავებდნენ, ჭელიძემ გაქცევა სცადა. პოლიციელებმა ტყეს ალყა შემოარტყეს და სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, მისი დაკავებაც შეძლეს. როგორც გაირკვა, ჭელიძე და კავილაძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოდან არ გასულან და ისინი ერთ-ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ", - გვიყვება წყარო.
ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ეძებდა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.