სოციალურ ქსელში ვრცელდება უმძიმესი კადრები, თუ როგორ იწყებს ნგრევას ბათუმში, 5-სართულიანი კორპუსის სადარბაზო. ვიდეო სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, თუმცა მათ დროულად მოასწრეს გაქცევა.
ცნობისთვის, ბათუმში 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები. მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრიც. მისი ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.
"რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ, სად არიან“, - განაცხადა გომელაურმა.