ავტორი:

"ნაცმოძრაობა" ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს, რომელსაც "ოცნების" სასარგებლოდ ბათილი ბიულეტენების შეცვლაში ადანაშაულებს პროკურატურაში უჩივის - რას პასუხობს ბრალდებებს მირანდა მესხი

"ნაცმოძრაობა" ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს, რომელსაც "ოცნების" სასარგებლოდ ბათილი ბიულეტენების შეცვლაში ადანაშაულებს პროკურატურაში უჩივის - რას პასუხობს ბრალდებებს მირანდა მესხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს. ისინი მირანდა მესხს ბიულეტენების კონვერტის უკანონოდ გახსნაში ადანაშაულებენ და ეჭვი აქვთ, რომ მან „ქართული ოცნების" სასარგებლოდ ბათილი ბიულეტენები შეცვალა.

„ქართული ოცნების“ პირობებში გამოძიების იმედი არა მაქვს, იმიტომ, რომ ბევრი ასეთი საქმე აქვთ თაროზე შემოდებული, მაგრამ ეს ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მალე, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული. მომდევნო ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ამ ფაქტს და მირანდა მესხს მოუწევს ციხეში ჩაჯდომა", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ.

მირანდა მესხის განცხადებით კი, საოლქო საარჩევნო კომისიაზე და მასზე ორი დღეა მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება.

მისივე განმარტებით, კონკრეტული პირები ცდილობენ მის დისკრედიტაციას.

როგორც მირანდა მესხის განცხადებაშია ნათქვამი, ის, რაზეც საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით აპელირებს, სიცრუეა.

„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თითოეული ჩემი ქმედება და გადაწყვეტილება არის პირველ რიგში კანონისმიერი. ჩემზე, როგორც საჯარო მოხელეზე და ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიაზე ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტის პირადი მოსაზრებები გავლენას ვერ მოახდენს.

ის, რაზეც აპელირებენ საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ არის სიცრუე და პრეტენზიები წარმოჩინდა მხოლოდ მას მერე, როდესაც ბათილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ხმების რაოდენობა მოემატა.

ამავე პოლიტიკურმა ძალებმა პირველ რიგში მედიას შეუშალეს ხელი და არ მისცეს შესაძლებლობა მიეღოთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. გამოიწვიეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის და შესაბამისად უშუალოდ კომისიის მუშაობის პარალიზება. ასევე დააზიანეს საოლქო კომისიის ინვენტარი. ჩვენ, წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავების გამოძახებაც მოგვიწია. მხოლოდ მათი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი საოლქო კომისიის საქმიანობის აღდგენა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეული ქმედება ხორციელდება ჩართული მხარეების დეტალური დაკვირვების ქვეშ. ჩვენი საქმიანობა ასახულია როგორც მედიის, ისე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ვაგრძელებთ საქმიანობას გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს - ყველა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია და მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მივაწოდო დეტალური ინფორმაცია“ , - ნათქვამია მირანდა მესხის განცხადებაში.