1954 წელი, პარიზი...
ქალი, რომელიც ფრანგული სტილის კერპად მიიჩნევა...
ქალი, რომელმაც მარიო ტესტინოსთან ტანდემი შექმნა...
ქალი, რომელსაც ყველაზე შესაშური მოდური გარდერობი
აქვს მსოფლიოში...
ქალი, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ვულგარული...
ქალი, რომლითაც ცხრა წელია, თავს იწონებს ფრანგული Vogue.
ეს ლეგენდარული ქალი კარინ როიტფელდია, ფრანგული Vogue-ის მთავარი რედაქტორი...
- გილოცავთ... თქვენ ქალიშვილი შეგეძინათ, ისეთი ლამაზი და გრძელფეხება, რომ... მისგან ნამდვილი მოდელი დადგება, - ახარა ბებიაქალმა კინოპროდიუსერ ჟაკ როიტფელდს, რუს ემიგრანტს. "ახალბედა" მამას მახარობლისთვის არც ასდოლარიანი კუპიური ჩაუკუჭავს ჯიბეში და არც თოფი უსვრია შვილის დაბადების აღსანიშნავად, თავდაჭერილად გაიღიმა მხოლოდ. აი, დედამ კი, სულითა და ხორცით ფრანგმა, ყველაზე უბრალო და მიწიერმა ქალბატონმა, სიხარულის ცრემლებით იტირა, როცა პირმშო გულზე დაუწვინეს.
- მას ყველაფერი ექნება, რაც მე დამაკლდა, - პირობა მისცა თავის თავს დედამ, - კარინს დავარქმევ... მოვა დრო და ჩემს ქალიშვილს მსოფლიო გაიცნობს.
1970 წელი
იგი უკვე 16 წლისაა. ამაყად ყელმოღერებული ჰაეროვანი ნაბიჯებით მიუყვება ქუჩას. მოულოდნელად ვიღაც მამაკაცი აჩერებს.
- გოგონი, არ გინდა, მოდელი გახდე? - უცნაურ შეკითხვას უსვამს უცნობი... უცნაურს, მაგრამ კარინისთვის საოცნებოს.
- მინდა! - დაუფიქრებლად პასუხობს, არც კი ცდილობს, სრულიად უცხო ადამიანის ვინაობა გაიგოს, - ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ნატვრაა, - ისე ამბობს, თითქოს უკვე ზრდასრული ქალი იყოს, არადა, ჯერ მხოლოდ თექვსმეტისაა, ცოტა მეტის... შეიძლება, ცოტა ნაკლების...
1972 წელი
- კარინ, გინდა ახალი ამბავი გახარო? - რედაქციის თანამშრომელმა კარი ხმაურით შემოაღო.
- რა იყო, ELLE-ს რედაქტორად ხომ არ დამნიშნეს? - ხუმრობის ხასიათზეა გოგონა, თან ახალ სტატიას ამზადებს ჟურნალისთვის. იგი ხომ რეგულარულად ბეჭდავს მოდაზე წერილებს ELLE-ში.
- რედაქტორად არა, მაგრამ სტილის კონსულტანტად კი. მთელ სვეტს გთავაზობენ, თუ გაუძღვები.
გაუძღვებიო?! სიამოვნებით!
2010 წელი
- კარინ, რა არის ყველაზე ფრანგული შენს Vogue-ში?
- ის, რომ მას ფრანგები ქმნიან. ჩვენ ვცხოვრობთ მოდით და საკუთარი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, როგორი უნდა იყოს იგი.
- მაგრამ დღეს იმხელა არჩევანია კოლექციების - Pret-a-porter, Pre-fall, Cruise, Couturep მეტისმეტიცაა... იქნებ ჯობდა, მეტი სიმკაცრე გამოგეჩინა მათი არჩევისას?
- მთავარი, იცით, რა არის? ბრენდი ზუსტად პასუხობდეს თავის დნმ-ს. მაგალითად, ყველამ იცის, რომ Max Mara-ს არაჩვეულებრივი პალტოები აქვს. მათ ჩვენებაზე მე მსურს, 15 საუკეთესო პალტო ვიხილო და არც ერთი საღამოს კაბა. საღამოს კაბა თუ მინდა, Valentino-სთან წავალ, კარგი ჩანთისთვის - Hermes-თან. ეს მათი დნმ-ია... ეს ის არის, რისი გაკეთებაც დომენიკოს და სტეფანოს ყველაზე კარგად შეუძლიათ.
- როცა პოდიუმზე ახალ ტრენდს ამჩნევ, აუცილებლად მიიჩნევ, იგი შენს გარდერობში იხილო?
- მხოლოდ მაშინ, თუკი ძალიან მომეწონება. მე ტენდენციებზე არ ვნადირობ. ვიცი, რა მიხდება და რა მიყვარს.
- რას არ ჩაიცვამ არასდროს?
- მოკლე ქვედაბოლოს.
- რამდენი ადამიანი მუშაობს შენს რედაქციაში?
- არ ვიცი, არასდროს დამითვლია.
- ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს ადამიანებში?
- როცა ის, ვისაც ბოლომდე ენდობი, ზურგში დანას ჩაგცემს. არც ისეთი ძლიერი ვარ, ამას შევეგუო.
- რა გიდევს ჩანთაში ყოველთვის?
- საერთოდ არ ვატარებ ჩანთას. BlackBerry ჯიბეში მიდევს, სათვალე სამსახურში მაქვს, არც კოსმეტიკას ვიყენებ, არც სავარცხელს. მაკიაჟსაც კი არ ვისწორებ არასდროს.
- ამწუთას ვისთან ისადილებდი სიამოვნებით?
- ჯორჯ კლუნთან ან ტომ ფორდთან ერთად.
- რა თვისებები მოგწონს მამაკაცში?
- ოდესღაც ძალიან უბედური ვიყავი საყვარელი მამაკაცის ღალატით, ამიტომ ჩემთვის ერთგულება უმნიშვნელოვანესია. კიდევ... იუმორის გრძნობა და სექსუალურობა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იდეალური სხეული ჰქონდეს, ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია, თავი მომაწონოს... და ცისფერი თვალები... არის მასში რაღაც სექსუალური.
- რა არის შენთვის ბედნიერება?
- სიმშვიდე. შეუძლებელია, ყოველთვის ბედნიერი იყო, ამიტომაც უნდა ეცადო, დააფასო ბედნიერი წუთები.
ასეთია კარინი, გვარად როიტფელდი, ფრანგული მოდის თეთრი ანგელოზი - ყველაზე პროვოკაციული, ყველაზე რისკიანი, ყველაზე გავლენიანი, ყველაზე... ყველაზე... ყველაზე... ქალი.
სვეტა კვარაცხელია
იხილეთ ვრცლად ჟურნალ ”ბომონდში”