ავტორი:

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა ცოცხალი ამოიყვანეს

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა ცოცხალი ამოიყვანეს

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ქალი ამოიყვანეს. ქალი ცოცხალია და მან ნანგრევების ქვეშ 9 საათი გაატარა. აღნიშნული ქალბატონი ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, რომლის შესახებაც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნანგრევებიდან მისი ხმა ისმოდა. ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

ცნობისთვის, ბათუმში 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები. მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრიც. მისი ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.

"რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ, სად არიან“, - განაცხადა გომელაურმა.