ავტორი:

"წლების მანძილზე ვეწეოდი სეისმურ საქმიანობას და, ჩემი აზრით, ჩამონგრევა დამატებითი სართულების უსაფუძვლო ნებართვებით დაშენებამ განაპირობა" - დავით ზილფიმიანი

"წლების მანძილზე ვეწეოდი სეისმურ საქმიანობას და, ჩემი აზრით, ჩამონგრევა დამატებითი სართულების უსაფუძვლო ნებართვებით დაშენებამ განაპირობა" - დავით ზილფიმიანი

დეპუტატი დავით ზილფიმიანი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს ეხმაურება. კორპუსი ბათუმში დღეს დილით ჩამოინგრა და დავით ზილფიმიანი ფაქტს შემთხვევის ადგილზე შეესწრო.

"დილიდან ვესწრები ამ საუბედურო ფაქტს და მხოლოდ იმის კონსტატაცია შეიძლება, რომ მაშველები და ძალოვანი სტრუქტურები თავდაუზაგავად მუშაობენ, მოქალაქეების გადასარჩენად. არავითარი აფეთქება ან მიმდინარე მექანიკური ზეგავლენითი სამუშაო არ ხორციელდებოდა. წლების მანძილზე ვეწეოდი სეისმურ საქმიანობას და, ჩემი აზრით, ეს არის გამოვლენა კონსტრუქციის დაღლილობისა, რაც ათწლეულზე მეტი წლის წინ დამატებითი სართულების უსაფუძვლო ნებართვებით დაშენებამ განაპირობა - ჩამონგრევა. ისეთ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თითქოს ამ ხელისუფლების დროს მოხდა დაშენება და ამან გამოიწვია ნგრევა.

ახლა, როცა ხალხია გადასარჩენი, ოპოზიციის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სამარცხვინოა. იმის მაგივრად, რომ ახლა გვერდით დაუდგნენ და გაამხნევონ ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. სამარცხვინოა და ამაზრზენი, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური სეგმენტი და სუბიექტი ამ უბედურების ფონზე ქადაგებს", - აცხადებს დეპუტატი დავით ზილფიმიანი.

ცნობისთვის, დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები.

კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრიც. მისი ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.

"რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ, სად არიან“, - განაცხადა გომელაურმა.