ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილთა შორის არის აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის აკაკი ბერიძის შვილიშვილი 32 წლის ზვიად თავდგირიძე. აკაკი ბერიძემ Ambebi.ge -ს განუცხადა, რომ მისი შვილიშვილი ცოცხალი და კონტაქტურია.
"მაშველებთან გავიდა კონტაქტზე. ესაუბრა მათ, რომ ცოცხალია და თავს ნორმალურად გრძნობს. ჩვენ არ გვისაუბრია. იმედი გვაქვს, მშვიდობით დასრულდება ყველაფერი", - ამბობს აკაკი ბერიძე.
სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება პრემიერი და შს მინისტრიც. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასბით, მძიმეა. მან ნანგრევების ქვეშ 9 საათი გაატარა.
აღნიშნული ქალბატონი ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, რომლის შესახებაც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია. ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.