ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. მამაკაცი, სავარაუდოდ, იმ ახალგაზრდა ქალის მაზლია, რომელიც მაშველებმა რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. მამაკაცი კლინიკაში გადაჰყავთ.
არსებული ინფორმაციით, ოჯახი მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. მაზლი და ბავშვების დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ იმყოფებოდა, როდესაც კორპუსი ჩამოინგრა, ქალის მეუღლე კი კიდევ ერთ ბავშვთან ერთად, ტრაგედიის დროს შინ არ იმყოფებოდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი დღეს ჩამოინგრა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება პრემიერი და შს მინისტრიც. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასბით, მძიმეა. მან ნანგრევების ქვეშ 9 საათი გაატარა.
აღნიშნული ქალბატონი ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, რომლის შესახებაც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია. ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.