ავტორი:

"სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს ნანგრევებში მოყოლილების შესახებ?

"სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი" - რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს ნანგრევებში მოყოლილების შესახებ?

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი მოქალაქის ცხედარია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის ნანგრევებში დაახლოებით 10-მდე ადამიანია მოყოლილი.

"გიდასტურებთ, ორი ცოცხალი ადამიანია ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში არიან, თუმცა, ცოცხალი და კონტაქტურები, ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი. ჩვენი ვარაუდით დაახლოებით, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. სამუშაო გაგრძელდება, სანამ არ მივიყვანთ ბოლომდე. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით პირიქით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს და რამე არ დავუზიანოთ. მძიმე სამუშაოა, ვინაიდან ორ კორპუსს შორის დგას ჩამონგრეული კორპუსი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, უფრო სწრაფად ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

(ნანგრევებში) უნდა იყოს 2-3 ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ოღონდ ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს", - აღნიშნა გომელაურმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი დღეს ჩამოინგრა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება პრემიერი და შს მინისტრიც.

მაშველებმა 2 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა უკვე შეძლეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი.