დღეს მთელი ქვეყნის ყურადღება ბათუმისკენ არის მიმართული, სადაც 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, სავარაუდოდ, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები, მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რამდემიმე საათის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი და მისი მაზლი, ასევე ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრიც. მისი ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანია მოყოლილი.
"გიდასტურებთ, ორი ცოცხალი ადამიანია ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში არიან, თუმცა, ცოცხალი და კონტაქტურები, ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი. ჩვენი ვარაუდით დაახლოებით, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. სამუშაო გაგრძელდება, სანამ არ მივიყვანთ ბოლომდე. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით პირიქით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს და რამე არ დავუზიანოთ. მძიმე სამუშაოა, ვინაიდან ორ კორპუსს შორის დგას ჩამონგრეული კორპუსი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, უფრო სწრაფად ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
(ნანგრევებში) უნდა იყოს 2-3 ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ოღონდ ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს", - აღნიშნა გომელაურმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება.
გთავაზობთ შსს-ს ფოტორეპორტაჟს.