ავტორი:

"ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფისა და ბინის გაერთიანება ხდებოდა" - ვინ არიან დაკავებულები და რა ვიდეოკადრებს ავრცელებს შსს?

"ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფისა და ბინის გაერთიანება ხდებოდა" - ვინ არიან დაკავებულები და რა ვიდეოკადრებს ავრცელებს შსს?

შსს-მ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა. უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზაურ ბუდატოვმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის 2 პირი დაიქირავა.

ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

როგორც "ბათუმელები" წერს, ბუდატოვს სარდაფისა და ბინის გაერთიანება სურდა და სწორედ ამ მოთხოვნით საჯარო რეესტრს 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა.

"რეესტრმა სწორედ 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.

"დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენი არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი". არსებობს ვარაუდი, რომ ეს სამუშაოები კორპუსში უკვე მიმდინარეობდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაურ ბუდატოვი [რეესტრში ზოგჯერ ბუდაგოვად არის მოხსენიებული, თუმცა ერთი და იგივე პირადი ნომრით ფიქსირდება], იგივე ბუდაგოვი ამ მისამართზე ფლობდა 200 კვ მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს.

დღეს დანგრეული კორპუსთან თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე ყვებოდნენ, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ: „სახლი ზანზარებდა" - ნათქვამია "ბათუმელების" ინფორმაციაში.

დაკავებულებს 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ცნობისთვის, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის არის ორი ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქაილ ინგა მეკეიძე, ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მძიმეა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.