ავტორი:

"არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?!" - გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

"არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?!" - გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

სრულიად საქართველო შეძრა ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ. ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში.

მომხდარ ტრაგედიაზე წერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე:

"არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება.

და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?! ღმერთო დამეხმარე! თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგნაწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს.

ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით. ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ ,,ჯანმრთელ" სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა.ეს ნანგრევების დღე და ღამეა და ასეც დარჩება ჩვენს ბედკრულ ისტორიაში" - წერს კეკელიძე.

ცნობისთვის, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის არის ორი ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქაილ ინგა მეკეიძე, ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მძიმეა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.