ავტორი:

"ნანგრევებში ვეძებთ კიდევ 3 ადამიანს... წესით, მეტი არ უნდა იყოს" - შს მინისტრის ახალი ინფორმაცია ბათუმიდან

"ნანგრევებში ვეძებთ კიდევ 3 ადამიანს... წესით, მეტი არ უნდა იყოს" - შს მინისტრის ახალი ინფორმაცია ბათუმიდან

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნანგრევებში მაშველები 3 ადამიანს ეძებენ.

როგორც მან აღნიშნა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამის გამო მათ მადლობას უხდის.

"მთელი ღამე ვიმუშავეთ. მადლობა მინდა ვუთხრა მაშველებს. სამწუხაროდ, 5 ადამიანია გარდაცვლილი. ვეძებთ კიდევ 3 ადამიანს. მეტი არ უნდა იყოს წესით. რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემას, 3 ადამიანია მიცემული პასუხისგებაში. ეს არის ბინის მეპატრონე და 2 ადამიანი, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდნენ. ეს არის ახალი ინფორმაცია, რაც გვაქვს" - ამბობს გომელაური.

ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი გაიზარდოს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება არა. თუმცა, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. პროკურატურამ წაუყენა ბრალი სამ პირს, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტს ამ ადამიანებს მიუსჯის თუ არა“, - განაცხადა გომელაურმა.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მომხდარის გამო ჯერ არ გამოკითხულან.

„დაველოდოთ გამოძიებას, დრო დასჭირდებათ. პირველ რიგში, უნდა გასუფთავდეს ტერიტორია, ვნახოთ რა დაზიანდა და ექსპერტებმა შეაფასონ“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის არის ორი ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი ინგა მეკეიძე, ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მძიმეა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.