ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და საყურადღებოა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეანიმატოლოგმა ჯემალ გელაშვილმა განუცხადა. ექიმის განმარტებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მთელი ღამის განმავლობაში მძიმე იყო, თუმცა სიტუაცია ამ ეტაპისთვის კონტროლს ექვემდებარება.
"პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები. სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვს, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, დაუზუსტებელი შოკი - ეს არის წინასწარი დიაგნოზი. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. დაგეგმილია მთელი რიგი კვლევები, მკურნალობა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.
კლინიკაში შეყვანის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა, შეყვანიდან გადავიყვანეთ მართვით სუნქთვაზე. დავიწყეთ მონიტორინგი და შესაბამისად, პაციენტი რეანიმატოლოგების გუნდის მიერ იმართება. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ ეტაპისთვის კონტროლირებადი. მას აღენიშნება მოტეხილობა, მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა და მთელ სხეულზე მრავლობითი ექსკორაცია. კლინიკაში შეყვანისას იყო კონტაქტური, თუმცა იყო ადინამიური, გამოხატული იყო ძლიერი საერთო სისუსტე. ამ ეტაპისთვის ის იმყოფება დამცველობითი სამკურნალო ნარკოზის ქვეშ, ამიტომ ის კონტაქტური არ არის“, - აცხადებს ჯემალ გელაშვილი.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია, კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.