ცნობილი არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი ბათუმის ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ მარტივი რეგულაციები რომ დაცულიყო, ნგრევა არ მოხდებოდა.
დეტალურად ის განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს.
"ვიზუალურად ასე სჩანს, რომ ამ სერიის სახლია, რომელიც თავდაპირველად 4-5 სართულიანი მშენებლობისთვის იყო გათვალისწინებული, ე.წ. "ხრუშჩოვკის" ქართული ვარიანტია. შემდეგ როცა სართულიანობის გაზრდა გახდა საჭირო, ლიფტი და ნაგავთსადენი დაამატეს, ლოჯიას ფართის ხარჯზე და აივნებიც მთელ სიგრძეზე გაუშვეს.
უმარტივესი, აგურის, მოგვიანებით, მსხვილბლოკიანი კედლებით და ღრუტანიანი ფილებით (ხალხში "სინკარად" ცნობილი) სართულშუა გადახურვებისთვის. აქ მზიდი გრძივი კედლებია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არსებული ღიობების პარამეტრები არავითარ შემთხვევაში არ დაირღვეს, ვინაიდან მათ თავზე სწორედ ის ზღუდარებია, რომლებსაც გადახურვის ფილები ეყრდნობა.
ეს მარტივი რეგულაცია რომ დაცულიყო, ტრაგედია არ მოხდებოდა. დრო იყო თბილისის სახელგანთქმული არქიტექტორი მიხეილ ოჰანჯანოვი და ინჟინერი გრიგოლ ქურდიანი, რომლის ძმისშვილი ამ პროექტის ერთერთი თანაავტორია, ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდნენ თბილისის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე მშენებლობებს თუ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სწორედ იმისთვის რომ ამგვარ სიბრიყვეებს, რომელიც მაშინაც ხშირი იყო, ადგილი არ ჰქონოდა.
დღეს ეს საქმე მუნიციპალურ ინსპექციას გადააბარეს რომელიც ფაქტების დაფიქსირების მეტს არაფერს არ აკეთებს. მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ გამომივიდა მაგრამ იქნება ვინმემ მაინც ყურად იყოს მომავლისთვის. ღმერთმა გაანათლოს უდანაშაულო მსხვერპლნი ჩვენი უცოდინარობის, დაუდევრობის და გაუმაძღრობისა", - წერს კალანდარიშვილი.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.