ავტორი:

"ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება" - ომბუდსმენი

"ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება.

ამის შესახებ სახალხო დამცელის განცხადება მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, თითოეული მოქალაქის ვალია, არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

„სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლითა ოჯახებს!

ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ჯერჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ პირებს გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ!

აქვე მინდა მადლობა გადავუხდო მაშველებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!“- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.