ავტორი:

"წერტილოვნად მიმდინარეობდა ნანგრევებში მოყოლილების აღმოსაჩენად სამუშაოები" - ტრაგედიის ადგილზე 400 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა

"წერტილოვნად მიმდინარეობდა ნანგრევებში მოყოლილების აღმოსაჩენად სამუშაოები" - ტრაგედიის ადგილზე 400 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაციაში 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. როგორც ჟურნალისტებს აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა ჯუმბერ ბითაძემ განუცხადა, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად რეგიონებიდან სამაშველო სამსახურის დამატებითი ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო.

„შეტყობინების შემოსვლისთანავე დაახლოებით 2 წუთში მობილური ჯგუფები ადგილზე იყვნენ. შესწავლილია არსებული სიტუაცია. რეგიონებიდან დამატებით მობილიზდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. დაახლოებით 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა დღე-ღამის განმავლობაში. წინასწარ შესწვლილი იქნა სავარაუდოდ ნანგრევებში მოყოლილი მოქლაქეების ადგილმდებარეობა და წერტილოვნად მიმდინარეობდა მათ აღმოსაჩენად სამუშაო ღონისძიებები. მეხანძრე-მაშველებმა მაქსიმალური გააკეთეს და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ჯუმბერ ბითაძემ

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად 9 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.