საქართველოს საპატრიარქო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმარს ავრცელებს.
„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.
გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.
ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.
შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”, -აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
დღეს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„10 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
ლიტურგიის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია.