ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
როგორც ბინის მეპატრონის ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი, რამინ პაპიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, საქმის მასალებს ჯერჯერობით არ იცნობს, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ 24 საათში სასამართლოს პროკურატურამ შუამდგომლობით უნდა მიმართოს, სადაც აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობა მოხდება.
ბინის მეპატრონის გარდა, ამავე საქმეზე კიდევ 2 პირია დაკავებული, რომლებიც სადარბაზოს პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.