ავტორი:

სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

პროკურატურამ სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი აფეთქებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე, ა.ნ.-ს, რ.ა.-ს და გ.მ-ს წარედგინათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ.-მ წარსულში არსებული ფინანსური დავის გამო, ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღების და დაშინების მიზნით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები მ.ნ.-ს და ი.მ.-ს საცხოვრებელი სახლების ეზოებში აფეთქების მოწყობა გადაწყვიტა. ბრალდებული შეუთანხმდა რ.ა-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, აფეთქება უნდა განეხორციელებინათ. 2021 წლის სექტემბერში, ა.ნ.-მ ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცა რ.ა.-ს, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის დროის და ადგილის შესახებ მიუთითა. 2021 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, რ.ა.-მ სოფელ კაბალში მ.ნ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განზრახ ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც დაზიანდა მ.ნ.-ის ავტომობილები და საცხოვრებელი სახლი. მეორე აფეთქების განხორციელების მიზნით, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, რ.ა-მ და გ.მ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და ასევე ა.ნ.-ს დავალებით, 2021 წლის 4 ოქტომბერს, ი.მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადააგდეს, რის შედეგადაც ი.მ-ს ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

სამართალდამცველებმა რ.ა. და გ.მ. 2021 წლის 8 და 9 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურამ რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარუდგინა. გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა. რაც შეეხება ა.ნ.-ს, რომელმაც საქართველოს ტერიტორია 2021 წლის 18 სექტემბერს დატოვა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და 25.229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) დაუსწრებლად წარედგინა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.