ავტორი:

"ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია... ვთხოვ ხალხს, პატივი სცენ სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც პატივისცემით ვეპყრობი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია... ვთხოვ ხალხს, პატივი სცენ სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც პატივისცემით ვეპყრობი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

"მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული.

ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ - ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია.

მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად თანავცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.

მე ვთხოვ ხალხს, პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას, ისევე როგორც სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც კეთილგანწყობით, პატივისცემით ვეპყრობი და მადლობელი ვარ მისი ერთად წარმოუდგენელი ცხოვრებისათვის.

ახლა სრულად ვარ კონცენტრირებული ჩემს ბრძოლაზე. ვაგრძელებ შიმშილობას და გადაწყვეტილი მაქვს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინა საზოგადოებას, რომ ის და ლიზა იასკო "ახალ ცხოვრებას იწყებენ".

"მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც.

ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. ამაზე ვფიქრობ ბევრს, მაგრამ მე და ლიზა ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას უსურვოთ ბედნიერება" - ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.

ცნობისთვის, ლიზა იასკო უკრაინული პარტია "ხალხის მსახურის" ერთ-ერთი ლიდერია.