ავტორი:

დედა-შვილის შეხვედრა ხუთწლიანი განშორების შემდეგ - რა ფოტოებს აქვეყნებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და რას წერს ქართველი ჩემპიონის დედაზე

დედა-შვილის შეხვედრა ხუთწლიანი განშორების შემდეგ - რა ფოტოებს აქვეყნებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და რას წერს ქართველი ჩემპიონის დედაზე

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოისტებმა ილია სულამანიძემ და საბა ინანეიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ინანეიშვილმა ფინლში უნგრელ სპორტსმენს დამატებით დროში სუფთა გდებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეოთხე ოქრო მოუტანა. ამასთან, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საბა ინანეიშვილის დედის შესახებ, რომელიც იტალიაში მუშაობს, ემოციურ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს:

"დედა-შვილის შეხვედრა ხუთწლიანი განშორების შემდეგ.

გვანცა ჭანტურიძე მილანში 5 წლის წინ ჩამოვიდა. ეს არ ყოფილა მოგზაურობა სიამოვნებისთვის, ეს აუცილებლობა იყო. მან სამშობლოში ოჯახი დატოვა. მას შემდეგ ის განუწყვეტლივ მუშაობს და საქართველოში დარჩენილ ოჯახს ეხმარება, მათ ფულს ყოველთვიურად უგზავნის. ისინი ერთმანეთს ტელეფონითა და შეტყობინებებით ეკონტაქტებიან. ის საკუთარი ვაჟის, საბა ინანეიშვილის კარიერას მუდმივად თვალყურს ადევნებს", - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედლით და ერთი ბრინჯაოთი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.