„შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როდესაც შენს სულს შევიცნობ“ - ასე პასუხობდა ამადეო მოდილიანი საყვარელ ქალს, ჟანა ებიუტერნის კითხვაზე, თუ რატომ ხატავდა მას თვალების გარეშე. ჟანა მოდილიანის ცხოვრების მთავარი ქალი იყო. ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები მიუხედავად იმისა, რომ მათი ბედნიერება ხანგრძლივი არ ყოფილა. გენიალური მხატვრის შემოქმედება და სიყვარული ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყო, თუმცა ამადეომ ვერ მოახერხა ხანგრძლივად დამტკბარიყო რომელიმეთი. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად, იდუმალი ისტორიის მქონე მხატვარმა მისი ცხოვრების მთავარი ქალი 20-ზე მეტ ტილოზე ასახა. ისინი ერთმანეთს 1917 წლის გაზაფხულზე, კოლაროსის სამხატვრო აკადემიაში შეხვდნენ და ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა.
"შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე", - ასე ამბობდა ამადეო ჟანაზე. ბევრი სირთულის, მათ შორის, გოგონას ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, მალე ერთად ცხოვრება დაიწყეს. მალევე შვილი შეეძინათ, რომელსაც ასევე ჟანა დაარქვეს. რთული იყო მათი ცხოვრება. მუდმივი უფულობა, მოდილიანის ალკოჰოლისა და ნარკოტიკისადმი მიდრეკილება ბევრ პრობლემას ქმნიდა. ჟანა მოდის ცხოვრების სტილის შეცვლას ცდილობდა, მაგრამ მან ბოჰემურ ცხოვრებაზე დიდი სიყვარულის გამოც კი ვერ თქვა უარი. თუმცა ამ ფაქტს ჟანას ამადეოს მიმართ სიყვარული წამითაც არ გაუნელებია. ის მხატვრის მთავარი მუზა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ერთად ცხოვრება დიდი ხანი არ გაგრძელებულა. ის განსაკუთრებით ბევრს სვამდა. დაეწყო მოლანდებები და ხშირად ბოდავდა. საღ გონებაზე კი ცოლ-შვილთან ერთად იტალიაში წასვლაზე ოცნებობდა. თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ამადეო უპოვართა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე, 1920 წლის 24 იანვარს, 15 საათსა და 20 წუთზე გარდაიცვალა. ამ დროს მეორე ბავშვზე 9 თვის ფეხმძიმე ჟანა სასტუმროში იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში მამასა და მეგობრებთან ერთად მივიდა. ამადეოს ცხედარს ხმის ამოუღებლად მიუახლოვდა და დიდხანს უყურა, ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია. ცხედარზე მზერამოუშორებლად, უკუსვლით დატოვა ოთახი. შინ მისული არ ტიროდა და არ ლაპარაკობდა, მხოლოდ ფანჯარასთან იდგა და იყურებოდა. მეორე დილით, 4 საათზე ებიუტერნების სახლის ეზოში სრულიად შემთხვევით მყოფმა მუშებმა გარდაცვლილი ჟანა იპოვეს. ის თავიანთ არდაბადებულ შვილთან ერთად ამადეოსთან შესახვერად წავიდა.
ასეთი ტრაგიკული იყო ამადეოს სიყვარული, თუმცა არც მისი ცხოვრების სხვა ნაწილი იყო უზრუნველი. ამადეო 1884 წლის 12 ივლისს, ლივორნოში, წვრილ ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა. მამა ფლამინიო მოდილიანი ჯერ შეშითა და ნახშირით ვაჭრობდა, შემდეგ კი პატარა სამაკლერო კანტორას ფლობდა. მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი და ზოგჯერ მტრულად განწყობილიც კი იყო. დედა კი გატაცებით უყვარდა. ითვლება, რომ სწორედ დედის რომანტიკულმა ბუნებამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედის დღიურმა, რომელსაც იგი ამადეოს დაბადების შემდეგ აწარმოებდა, მხატვრის მხატვრის ბიოგრაფიის სრული სურათის შესაქმნაში დიდი წვლილი შეიტანა.
ამადეო მუდმივად ხატავდა და ბევრს ფიქრობდა პარიზზე. 1906 წელს 22 წლის მხატვარმა გადაწყვიტა, პარიზს სწვეოდა. იქაური მხატვრები გაიცნო და მალე ბოჰემური წრის განუყრელი ნაწილი გახდა. დაუმეგობრდა ჟან კოკტოს, გაიცნო პაბლო პიკასო.
გემოვნებიანად ჩაცმული მოდილიანი პარიზის ქუჩებში ამაყად დააბიჯებდა. ის ფრანგულ ენას დედის წყალობით შესანიშნავად ფლობდა. ის ატარებდა ძვირფას შავ პიჯაკს, თეთრ პერანგსა და ჰალსტუხს, რაც არისტოკრატიულ იერს სძენდა და იქაური მხატვრებისგან გამოარჩევდა. პარიზულმა ცხოვრებამ მოდილიანი სასმელს იმდენად მიაჩვია, რომ მასზე დამოკიდებული გახდა. ამბობენ, რომ ამადეო არ მიეკუთვნებოდა მათ რიგს, ვინც სასმელს ნელა სვამდა. მხატვარი ცდილობდა, რომ „წყურვილი“ ერთიანად მოეკლა.
მოდილიანი ზოგჯერ თანახმა იყო, თავისი ნახატი ერთ ჭიქა სასმელზე გაეცვალა. ეს საქციელი სულაც არ იყო გამოწვეული იმით, რომ სასმელი უნდოდა ან თავის ნამუშევრებს არ აფასებდა. მას ამ ქმედებით საკუთარი თავის დემონსტრირება სურდა. ყურადღების ცენტრში მოქცევაში დაეხმარა ნახატებიც, რომლებზეც შიშველი სხეულები ჭარბობდა. იმ პერიოდში სიშიშვლის დანახვა საზოგადოებას აღიზიანებდა. ამავე მიზეზით გამოწვეული აჟიოტაჟის გამო მისი პირველი გამოფენა მალევე დახურეს. თუმცა მოდილიანის სახელი ყველამ გაიგო.
„მოდილიანის ნახატები სინატიფის განსახიერებაა. ის ჩვენი არისტოკრატი იყო. მისი ხაზები, ხშირად ისე მკრთალი, რომ მოჩვენება გგონია, ლაქად არასდროს იქცევა. ამას სიამის კატის სისხარტით გაურბის. მოდილიანი განგებ არ აგრძელებს სახეებს, არ ავლენს მათ ასიმეტრიას, არ თხრის ცალ თვალს, არ უგრძელებს კისრებს. ეს თავისთავად ხდება მის წარმოსახვაში. ასე გვხატავდა ჩვენ კაფე „როტონდაში“ მაგიდას მიმჯდარი, ასეთებს განგვსჯიდა, ასეთებს შეგვიგრძნობდა, ვუყვარდით ან გვეკამათებოდა. მისი ნახატი უსიტყვო ლაპარაკია“ - ამბობდა ჟან კოკტო მოდილიანზე და მართლაც ასეთია მისი ნახატები, რომლებიც დღესაც არ ტოვებს ემოციის გარეშე მნახველს. მათი ერთად ნახვის და სახლში ქონის შესაძლებლობას კი ალბომი „დიდი მხატვრები“ გაძლევთ, რომელიც 18 ოქტომბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთან ერთად - 17 ლარი.
„დიდი მხატვრების“ სერიის ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით, როგორიცაა: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, პიკასო და სხვ.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ.
ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. „დიდი მხატვრების“ სერია თქვენთვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრებისეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.
შეგახსენებთ, 18 ოქტომბრიდან ამადეო მოდილიანის ალბომის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში. ასევე, შეგიძლიათ გამოიწეროთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლოთ სახლში მიტანის სერვისით.