ავტორი:

"10 წლის მიტოვებული სახლი სესხით ვიყიდეთ... ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში გამოვიქცეოდით" - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული მუსიკოსის ოჯახი

"10 წლის მიტოვებული სახლი სესხით ვიყიდეთ... ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში გამოვიქცეოდით" - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული მუსიკოსის ოჯახი

სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქალაქს და საცხოვრებლად სოფლად მიდის, იქმნის სრულიად ახალ გარემოს და მიწაზე შრომით ცდილობს, თვითონ მოიპოვოს სარჩო. დღეს ერთი ასეთი ოჯახის ამბავს მოგიყვებით. ეკატერინე კობახიძე მუსიკოსია, მუსიკის პედაგოგად მშობლიურ ქუთაისში ოთხ სხვადასხვა სამსახურში საქმიანობდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, რადგან იმ ენერგიის საფასურს ვერ იღებდა, რასაც ყოველდღიურად ხარჯავდა, ამიტომ ოჯახთან ერთად დაიწყო ფიქრი, საცხოვრებლად სოფლად გადასულიყვნენ.

ეკატერინე კობახიძე:

- გადავწყვიტე, თავად მეზრუნა საკუთარი სურვილების, ოცნების ახდენაზე და ჩემი ხელით მეკეთებინა, რაც მინდოდა. ბანკის სესხით ბაღდათის რაიონის სოფელ ზემო დიმში მიწა ვიყიდეთ და აქ გადმოვედით. ბუნება ძალიან კარგია, საირმის მთებში ვართ ჩაფლული, ირგვლივ საოცარი ტყე, ხედები და გარემოა. მას შემდეგ, რაც აქაურობას საბოოლოდ მივცემთ ისეთ სახეს, როგორიც გვინდა, მაქვს იდეა, გავაკეთო ბავშვთა ბანაკი, თან პროფესიით პედაგოგი, ხელოვანი ვარ და ვფიქრობ, მათთვის რაღაც კარგის შექმნა შემიძლია. ბავშვებს ჩემი ჯანსაღი პროდუქტითაც გავუმასპინძლდები. შევძლებ, მიწასთან შრომა ვასწავლო და ავუხსნა, რაოდენ კარგია ეს ყველაფერი. საერთოდ, ბანაკი ჩემს ბავშვობასთან კარგად ასოცირდება, სასიამოვნო მოგონებები მაქვს. მოკლედ, მინდა, ბავშვებისთვის რაღაც განსაკუთრებული შევქმნა. ჩვენთან ისინი გარდა იმისა, რომ დაისვენებენ, ხომ ვამბობ, სამეურნეო საქმიანობის ელემენტებსაც დაეუფლებიან, რადგანაც ქალაქში გაზრდილ ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში, იმის საშუალება არ აქვთ, რომ მიწასთან იშრომონ. მოკლედ, მინდა, რომ ასეთი რამ, შევძლო.

- შორს მიმავალი გეგმები გქონიათ...

- კი, მაგრამ ჯერ ვცდილობ, ჩემს შვილებს ჰქონდეთ ჯანსაღი პროდუქტი და მხოლოდ ამის მერე შევუდგები სხვა იდეების განხორციელებას. ზემო დიმი დიდი სოფელია, სადაც 5000 კვმ მიწის ფართობი გვაქვს. 10 წლის მიტოვებული სახლი იყო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით გავარემონტეთ... ახლა ორსართულიანი სახლის ყველა ოთახი გარემონტებულია.

- ქალაქში აღარ მუშაობთ?

- მეუღლე ქუთაისში, ბანკში მუშაობს, ყოველდღე დადის სამსახურში. იქამდე ნახევარი საათის სავალია. მე მხოლოდ ინტერნეტით მიწევს მცირე სამუშაოების შესრულება. დანარჩენ დროს სახლსა და ეზოში სამეურნეო საქმიანობას ვუთმობ. უფროსი შვილი მე-13 წელიწადშია და ძალიან მეხმარება. მთელი დღე სჭირდება ეზო-კარის მოვლას, მიწასთან სამუშაოც ბევრია. ზაფხულში ბევრი ბოსტნეული მოვიწიეთ, მთელ ოჯახს გვეყო და საზამთროდაც საკმარისად დავაკონსერვე.

- რა მოიყვანეთ ბოსტანში?

- თავიდან გვითხრეს, - ვერაფერს მოიყვანთ, მიწა მწირიაო, მაგრამ ჩვენ მიწის სიმწირე ვერ ვიგრძენით. ყველაფერი მოვიდა: ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მწვანილი. იმდენი მოსავალი გვქონდა, ყოველ მეორე დღეს ბოსტნიდან კალათებით გამოვდიოდი. ახლახან დასრულდა პომიდვრის მოსავალი. ჩვენი პატარა გოგონა დილაობით ბოსტანში იპარებოდა, იქვე კრეფდა პომიდორს, კიტრს და ჭამდა, მაგრამ არ მეშინოდა, რადგან უწამლავი პროდუქტი გვქონდა. მხოლოდ ვთოხნიდით, ბალახს ვაშორებდით და ხშირად ვრწყავდით.

- წყალი გაქვთ?

- ჭა გვაქვს ეზოში. ისე, სოფელში წყალი ჭირს, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ალბათ, მეორე ჭასაც გავაკეთებთ.

- ხეხილი, ალბათ, ეზოში დაგხვდათ...

- კი, ხეხილი იყო, თუმცა ეზო ბალახითა და ეკლებით იყო სავსე. გავწმინდეთ, გავასუფთავეთ... ქალაქში ვცხოვრობდი და სოფლის მეურნეობის არაფერი ვიცოდი, მაგრამ ინტერნეტში ბევრი მასალაა საიმისოდ, რომ ყველაფერი მესწავლა. ასევე არის არაერთი სამეურნეო ჯგუფი, სადაც ყველაფერს უანგაროდ გასწავლიან და ყველა კითხვაზე პასუხსც გცემენ.

რაც შეეხება ხეხილს, ყველანაირი ხილი გვაქვს. საქართველოში არსებობს კუთხე, სადაც რამე არ მოდის? არ მინდა, ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ მთელი დღე ქალაქის მაღაზიაში 300 ლარად რატომ უნდა იმუშაო, როცა შეგიძლია, საკუთარ მიწაზე შენი შრომით სამყოფი პროდუქტი მოიყვანო და საკუთარი ნამუშევრითაც დატკბე?! ტრაგედია არ არის ქალაქიდან სოფელში წამოსვლა. მიხარია აქ ცხოვრება და ყოველი დღის გათენება, ულამაზეს ბუნებაში ვიღვიძებ. სულიერი სიმშვიდე მეუფლება, როცა ჩიტების ჭიკჭიკი მესმის და ბუნების საოცარ ფერებს ვუყურებ... მეგობრებს კი შაბათ-კვირას ვნახულობთ, როცა საქმისგან ვისვენებთ. ხან ისინი მოდიან, ხან ჩვენ მივდივართ და დღეები საინტერესოდ გადის. ისეთი განწყობა და განცდა მაქვს, რომ ჩემს ოცნებას ვიხდენ, არადა, ყველას ეგონა, ერთ კვირაში გამოიქცევით, მანდ ვერ გაძლებთო. ჩემს მოყვანილ ბოსტნეულს რომ ვაჩვენებ მეგობრებს, ნაცნობებს, ახლობლებს, ყველა გაოცებულია.

- ვენახსაც უვლით?

- ვენახი გამხმარი დაგვხვდა, არადა, აქეთ კარგი ვენახები აქვს, ჰოდა, ამასაც აუცილებლად მივხედავთ... ძალიან მიხარია, რომ იმდენი ბოსტნეული მოვიყვანე, სუპერმარკეტში საყიდლად აღარ წავსულვარ, არადა, წლეულს პომიდორი 3 ლარი ღირდა... მოკლედ, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. სოფელი მაღალმთიანი არ არის, ქალაქთან ახლოსაა, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ აქაურობას ახალგაზრდები მაინც ტოვებენ. ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი, არადა, ხომ შეიძლება, სამეურნეო საქმე ისე ისწავლო, რომ ის შენი პროფესია გახდეს. ამაზე ნაკლებად ფიქრობენ, მუშაობა ეზარებათ და მიდიან. თითქოს ადამიანებს სოფელში ყოფნაც ეთაკილებათ...

- ე.ი. შვილებს სამეურნეო საქმეს აჩვევთ და ასწავლით...

- უფროსი ბიჭი, როგორც გითხარით, საქმეში მთელი ზაფხული მეხმარებოდა - ეს იყო ხილის დაკრეფა თუ ბალახის გამარგვლა. ამ შრომას მცირე დოზებით ვაჩვევ, რადგან არ ვიცი, რა დრო მოვა, ბავშვებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ. რასაც ისწვალიან, სამომავლოდ თუ არ გამოადგებათ, მისი ცოდნა არ აწყენთ. თუნდაც სამომავლოდ სოფლის და გლეხის შრომის დაფასება ექნებათ.

- შინაური ფრინველი და პირუტყვი არ გყავთ?

- ქათმები გვყავს, მაგრამ ჯერ ბევრი არა. ფინანსები უნდა და ვერ შევიძინე. ძროხაც მინდა, გვყავდეს, რომ შვილებს ნატურალური რძე და რძის პროდუქტები ჰქონდეთ.

- მუსიკოსი ხართ - სოფელში ფორტეპიანო არ წამოიღეთ?

- არა, მაგრამ მეუღლე უკრავს გიტარაზე და ყოველ საღამოს საქმეს რომ მოვრჩებით, გამოვდივართ ჩვენს ლამაზ აივანზე, ჩაი, ყავას მივირთმევთ, მეუღლე გიატარაზე უკრავს, მე ვმღერი... თუმცა მე სულ ვმღერი მთელი დღის განმავლობაში, რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდე... ფორტეპიანო ქუთაისში მეექვსე სართულზე გვაქვს და ცოტა რთულია, მისი იქიდან ჩამოტანა. ამიტომ, ვაპირებ, ელექტროპიანინო შევიძინო და მერე ყველაფერი შეიცვლება... ჩემი ბიჭი ფლეიტაზე უკრავს და ასე გადის საღამოობით დრო - მოკლედ, საქმეების დასრულების შემდეგ სახლში კონცერტებსაც ვატარებთ. სამწუხაროა, რომ ხელოვანი ხალხის დაფასება სათანადოდ არ ხდება. საქართველოში ისეთი პირობებია, ცუდად არ მინდა, გამიგონ, მაგრამ ახალგაზრდას გასაქანი არ აქვს...

- თქვენი გამოცდილებიდან რას ურჩევდით სხვებს?

- ხომ ვამბობ, მეგონა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა, ამიტომ მთავარია მიზანი, მონდომება და სურვილი, მერე უკვე ყველაფერს გულით აკეთებ და საქმეც გამოდის.