ბუბა კიკაბიძის მეუღლე ირინა ქებაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილი მარინა საღარაძე ავრცელებს.
"წავიდა ჩემი ლამაზი, თბილი და ყველაზე ერთგული ადამიანი ...დე მიყვარხარ...." - წერს მარინა საღარაძე.
როგორც კიკაბიძის პროდიუსერმა რატი აბზიანიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ირინა ქებაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.
რატი აბზიანიძე (ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი): ქალბატონი ირინა ასაკთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა, ავადმყოფობდა. ბუბამ და მარინამ ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარეს ერთად, საოცარი წყვილი იყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ირინა ძალიან შემოქმედებითი ქალბატონი იყო, ნიჭიერი, თავად ერთ დროს წარმატებული ბალერინა გახლდათ და ცხოვრების დარჩენილი პერიოდი ბუბას დაუთმო.
ყოველთვის გვერდში ედგა, ყველგან ერთად იყვნენ. არ უყვარდა საჯაროობა და ამაზე ჟურნალისტებთან საუბარი. მძიმე დღეები გვაქვს, ძალიან განიცდის ბუბა. ვუსამძიმრებ მის შვილებს - მარინას, კოკას, რძალს ლენას, რომელიც ირინას სიცოცხლის ბოლომდე პატრონობდა და მხარში ედგა...
ბუბამ და ირინამ 1965 წელს იქორწინეს. მანამდე ირინას მეუღლე მსახიობი გურამ საღარაძე გახლდათ. წყვილს ერთი საერთო შვილი, მარინა ჰყავდათ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო. ბუბას და ქალბატონ ირინას ვაჟი კონსტანტინე შეეძინათ.
"ცხოვრებაა, აბა, როგორ?! ყველამ ყველაფერი იცის. მე ისეთი კაცი ვარ, როცა რამე მინდა, ყოველთვის ვაკეთებ. ვარ ზარმაცი, განძრევა არ მიყვარს, მაგრამ თუ რაღაც დავიწყე, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვან. გურამ საღარაძე და ირინა უკვე აღარ იყვნენ ერთად. ის რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ, პატივს ვცემდი და სულ ეგ იყო. მარინა საღარაძეს ჰკითხეთ ეგ ამბები, მე ნუ მალაპარაკებთ. ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა ორივეზე.
წლებია ერთი ქალი მიყვარს. მე ერთგული ქმარი ვარ, აქეთ-იქით მორბენალი კაცები არ მიყვარს. მოსკოვის შოუბიზნესშია მოდაში, ძმაკაცი ძმაკაცის ცოლთან რომ დადის და ა.შ. ყველაფერი ხდება, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას ცხოვრება არ დაუნგრიო.
ჩემი ცოლი ტვინით გატენილი ქალია, საინტერესო პიროვნება და უერთგულესი ადამიანია. გადასარევი დედაა. ჩემი შვილები და შვილიშვილები მასზე ჭკუას კარგავენ", - განუცხადა წლების წინ ჟურნალ "სარკეს" ბუბა კიკაბიძემ.