"სავალდებულო უნდა იყოს მერიისგან ნებართვა, მაგრამ არ არის..." - რა ვალდებულება აქვს დღეს სახელმწიფოს ბათუმის მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად?

"სავალდებულო უნდა იყოს მერიისგან ნებართვა,  მაგრამ არ არის..." - რა ვალდებულება აქვს დღეს სახელმწიფოს ბათუმის მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად?

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იყო სამი არასრულწლოვანი. ნგრევას გადაურჩა და მძიმედ დაშავდა 37 წლის მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა მედიკოსთა თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცავებმა ნგრევის სავარაუდო მიზეზად კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები მიიჩნიეს და მომხდარიდან რამდენიმე საათში სამი პირი დააკავეს: პირველ სართულზე არსებული ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეები. სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც მოსამართლის განმარტებით, შიდა პატიმრობას ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდებულთა წრე, სავარაუდოდ, გაფართოვდება.

ზაურ ბუდაგოვის ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს პირი, რომელმაც ტრაგედიისას ოჯახის წევრი დაკარგა.

თუმცა, ბუნებრივად, ისმის კითხვები:

  • მხოლოდ რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობა იკვეთება მომხდარში?
  • რა რეგულაციები აქვს მსგავსი სამშენებლო სამუშაოების დროს სახელმწიფოს?
  • გვევალება თუ არა ნებართვის აღება და ვინ უნდა გასწიოს ზედამხედველობა?

გადავწყვიტეთ, მომხდარი ტრაგედიის ჭრილში გვეპოვა ამ კითხვებზე პასუხი, თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სახელმწიფო მსგავს ვითარებაში, როგორც აღმოჩნდა, დიდწილად თამაშგარე მდგომარეობაშია...

  • რა სამუშაოები მიმდინარეობდა ტრაგედიის ადგილას?

26 მაისის ქუჩის 13 ნომერში საცხოვრებელი კორპუსი 1978 წელს აშენდა. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, შენობა 5 - სართულიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა მშენებლობის დროსვე პროექტს მეექვსე სართული დაამატეს. 2000-იან წლებში კი სახლს კიდევ ერთი სართული დააშენეს. რამდენიმე წლის წინ სადარბაზოს ლიფტის კონსტრუქციაც მიადგეს. შენობის პირველ სართულზე არსებული ბინების მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი მის საკუთრებაში არსებული ორი ფართობის გაერთიანების მიზნით სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. ეს, სახელმწიფო ბრალდების ვერსიით, იყო სარდაფი და ბინა. ხოლო ბრალდებული ამბობს, რომ საქმე არა სარდაფს, არამდე პირველ სართულზე ორი ბინის ერთ სივრცედ გადაქცევას შეეხებოდა. ბუდაგოვი ამბობს, რომ კომერციული ფართის გაკეთება სურდა.

გარდა ამისა, როგორც ბუდაგოვის ადვოკატი გვეუბნება, კორპუსის სიახლოვეს მუშაობდა მძიმე ტექნიკა, რის გამოც მცხოვრებლებს ვიბრაცია აწუხებდათ.

"იქვე ახლოს მიმდინარეობდა გზის საფარის დაგება და კორპუსის უკან ეზოში აშენებდნენ შენობას", - ამბობს რამინ პაპიძე.

  • ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე?

ის, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიაზე სამართლის აღსრულება რამდენიმე პირის დაკავებით ვერ შემოიფარგლება, იმთავითვე გამოიკვეთა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მასალებიდან იკვეთება, რომ მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა საკმაოდ ბევრს, ვისაც შეეძლო ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა და ტრაგედიის თავიდან აცილებაში გარკვეული წვლილი შეეტანა.

  • როგორია საზოგადოების პასუხისმგებლობა ბათუმის ტრაგედიაზე

26 მაისის 13 ნომერში მცხოვრები პირი "რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ მეზობლებმა იცოდნენ, თუ რაც ხდებოდა პირველ სართულზე, მეტიც, ამის გამო ბუდაგოვთან შელაპარაკებაც კი მოუვიდათ. ნგრევისას გარდაცვლილი 43 წლის მაია შომახიას ოჯახის წევრი კი აცხადებს:

"რომ ვურეკავდი, ჩემი რძალი მეუბნებოდა, გამოაცალეს ყველაფერი, დაგვემხობა სახლი, ჩავვარდებით ქვევითო და ასეც მოხდა".

კობა ყალიჩავა

"თუკი კორპუსის მცხოვრებლებმა იცოდნენ, რა საფრთხეც ელოდათ, მაშ, რატომ არ გამოიჩინეს უფრო მეტი სიფრთხილე და წინდახედულება?! რატომ არ ატეხეს განგაში ?! „ეს იყო ჩაკეტილ სივრცეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ამ შემთხვევაში ინფორმაციის ნაკადი შეზღუდული იქნებოდა. სახელმწიფოს საიდან უნდა გაეგო ეს, თუ ვინმემ არ შეატყობინა. პირველ რიგში, ეს მესაკუთრეს უნდა გაეკეთებინა, შემდეგ კი მეზობლებს. თუ მათ იცოდნენ, არ უნდა წაეყრუებინათ ამ პრობლემისთვის", - ეუბნება ambebi.ge -ს სამართლის დოქტორი კობა ყალიჩავა.

  • როგორია სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა?

2021 წლის 4 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების მოთხოვნით ზაურ ბუდაგოვმა საჯარო რეესტრს მიმართა და 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება 8 ოქტომბერს, 18:33 საათზე, ანუ მას შემდეგ შეაჩერა, როცა კორპუსი უკვე ჩამონგრეული იყო. უწყებამ ბუდატოვს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინისა და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი მოსთხოვა.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრი მიუთითებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონზე და ამბობს, რომ ამხანაგობის წევრების საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ამ ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც ჩანს, ბუდაგოვს ყველას თანხმობა არ ჰქონდა.

ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად მცხოვრებთა მონაყოლით ირკვევა, რომ 13 ნომერში სარემონტო სამუშაოები ჩამონგრევამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ არ დაურღვევია განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა, ხოლო ფართების გაერთიანების სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემა მისი კომპეტენცია არ არის.

ამგვარად, საჯარო რეესტრის პოზიციით, უწყებას მომხდარზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

სხვაგვარად ფიქრობს კობა ყალიჩავა. მისი შეფასებით, უწყებას ტრაგედიაზე პირდაპირი თუ არა, ირიბი პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება.

"მართალია, საჯარო რეესტრი ამ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ორგანო არ არის, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უწყებაში შედის განცხადება, რომელიც მას ინფორმაციას აწვდის გარკვეული საფრთხისშემცველი სამშენებლო სამუშაოების შესახებ, უწყებამ ეს ინფორმაცია უნდა გადააგზავნოს სხვა უფლებამოსილ ორგანოში, ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმართველობაში. ეს კანონმდებლობაში გვიწერია", - ეუბნება ambebi.ge- ს კობა ყალიჩავა. ჩვენი რესპონდენტი კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, 2018 წელს, როდესაც სამშენებლო კოდექსში ცვლილებები შედიოდა, წარდგენილი იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შენობაში შიდა სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვის აღება უნდა გამხდარიყო საჭირო. თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, პარლამენტმა ეს ცვლილება არ დაამტკიცა.

"მე გახლდით სწორედ იმ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, რომლითაც საჯარო რეესტრის შესახებ პრიმა მუხლი უნდა შექმნილიყო. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, თუ შენობაში მოხდებოდა ერთი პირის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გაერთიანება, შიდა სამშენებლო სამუშაოები, ამაზე ნებართვა საჯარო რეესტრს უნდა გაეცა. ეს ცვლილება რომ დამტკიცებულიყო, ალბათ დღეს ასეთი შედეგი არ იქნებოდა“, - გვეუბნება კობა ყალიჩავა. როგორია ამხანაგობის პასუხისმგებლობა - როგორც კობა ყალიჩავა გვიხსნის, მოქმედი კანონმდებლობა (კანონი ამხანაგობისა და ბინათმესაკუთრეობის შესახებ) კორპუსის ამხანაგობას რაიმე მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებს არ აკისრებს. სპეციალისტის შეფასებით, ამხანაგობის ფუნქცია-მოვალეობები უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე ქმედითს.

"ჩვენ არ გვყავს ძლიერი ამხანაგობები, ეს ინსტიტუცია მყიფეა და მხოლოდ ფორმალური ფუნქციებით შემოიფარგლება. ევროპულ გამოცდილებას თუ შევხედავთ, იქ ამხანაგობების ინსტიტუტი ძალიან ძლიერია და თვითმყოფადად, ფუნქციურად, გამართულად მუშაობს", - ამბობს ყალიჩავა.

  • როგორია ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა?

ბათუმის მერიის განცხადებით, ჩამონგრეული კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მერიაში განცხადება არ შემოსულა. უწყების ინფორმაციით, კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი იყო. ხოლო რაც შეეხება, პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებს, მათთვის ამის შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

მამუკა სალუქვაძე

"ის, რომ მერიას ასეთი ფუნქცია არ გააჩნია, სახელმწიფოს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან - გვეუბნება არქიტექტურის დოქტორი მამუკა სალუქვაძე.

"ეს მოქალაქეების პრობლემა არ არის, ეს სახელმწიფოს პრობლემაა. ხომ შეიძლება უცოდინრობით მოუვიდეს ადამიანს და შეეხოს მზიდ და საყრდენ კედლებს?! ასეთ დროს სავალდებულო უნდა იყოს მერიისგან ნებართვა, რათა უწყებამ შეაფასოს უსაფრთხოების ნორმები. მაგალითად, მივიდეს უფლებამოსილი პირი და ადგილზე დაათვალიეროს რამდენად უსაფრთხოა ის, რასაც მოქალაქე გეგმავს... მოკლედ, ნებართვა სავალდებულო უნდა იყოს, მაგრამ არ არის..." - ამბობს სალუქვაძე.

მომხდარის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის პირობების გამკაცრება.

"ეს ძალიან კარგია, მაგრამ არასაკმარისი", - ფიქრობს მამუკა სალუქვაძე.

სპეციალისტის განმარტებით, გასატარებელია მთელი რიგი რეფორმები, რათა სახელმწიფომ ტრაგედიების პრევენცია შეძლოს და მხოლოდ შედეგების ლიკვიდაციით არ იყოს დაკავებული.