ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესზე მცირე ხმაური იყო. კერძოდ, მამუკა ხაზარაძის გაღიზიანება ერთ-ერთი პროკურორის რეპლიკამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც „ის იტყუებოდა".
"თქვენ შეგიძლიათ, ყველანაირი ტყუილი თქვათ",- მიმართა ხაზარაძეს პროკურორმა სალომე ჩიქობავამ, რასაც ასევე ბრალდებულების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
"რა თქვი, რა შემიძლია? ნებისმიერი ტყუილი? დაგიდოთ ახლა ფაქტები, რომ მილიარდი ლარის ზარალი მიაყენეთ ბანკის აქციონერებს? თქვენ მართლა მატყუარებო! პროკურორები არიან, ასეთი ტყუილები შეიძლება? "აიფონი" გაქვს, აკრიფე და ნახე რამხელა ზარალია. წარმოდგენა არ გაქვთ, ამის ხმარებაც არ იცით და ფინანსებზე მელაპარაკებით, თქვენ ოროსნებო. ამათ ხელფასს ვუხდით ჩვენი გადასახადებით!" - განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ პროკურორებს "საბჭოთა მენტალური პროკურორები" უწოდა.
მან პროკურორებს მოუწოდა, მათი ბრალდების საქმეზე დაზარალებულები წარმოედგინათ.
„შეგიძლია მაჩვენო ამ საქმეზე მომჩივანი და დაზარალებული? მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ჰყავს ამ საქმეს მომჩივანი. სახლში რომ წახვალ, ძილის წინ სარკეში ჩაიხედე და დაინახავ, რომ ეს ქვეყანა ასეთი მენტალობით გადაიჩეხება. შენ გამოდიხარ ახლა და მსოფლიო ბანკს იცავ ჩემ წინაშე?, - განაცხადა ხაზარაძემ, რასთან დაკავშირებითაც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ის "კანონს იცავს".
„შენ რომ კანონს იცავ, იმ ქვეყანას რა ვუთხარი და რომ დაგაწინაურეს კიდევ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ყველას მოგეთხოვებათ, შენ და შენს უფროსობას. თქვენ ხარ საბჭოთა მენტალური პროკურორები, ეს არის სიმართლე",- განაცხადა ხაზარაძემ.
პროკურორებს მიმართა ბადრი ჯაფარიძემაც.
"ფორსმაჟორი“ იცი? ბატონო მოსამართლე, საომარი მოქმედებები არის თუ არა ფორსმაჟორი, მიპასუხოს პროკურორმა, გისწავლიათ იურიდიულ ფაკულტეტზე?“ - განაცხადა ჯაფარიძემ, რასთან დაკავშირებითაც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ მას „"არამხოლოდ იურიდიულზე უსწავლია, არამედ ეკონომიკურზეც".
„ბატონო მოსამართლევ, პროკურორს ფორსმაჟორზე წარმოდგენა არ აქვს, რა არის, მართლა არ იცის",- განაცხადა ჯაფარიძემ.