ავტორი:

"სააკაშვილი გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ მის ადგილზე შემოვიდოდი, როგორც ნავალნი - კაცურად, მხრებგაშლილი" - ელისაშვილი

"სააკაშვილი გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ მის ადგილზე შემოვიდოდი, როგორც ნავალნი - კაცურად, მხრებგაშლილი" - ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, რადგან მას და მის პარტიას ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ალეკო ელისაშვილმა გაიხსენა კონკრეტული საქმეებიც, სადაც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანაშაული იკვეთება.

„რა თქმა უნდა, ამ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია.

არის კონკრეტული ამბები, რაც მის სახელს უკავშირდება. რა ვქნა, მარტო მე მაქვს ასეთი მეხსიერება? მე მახსოვს, რომ 7 ნოემბრის საღამოს „იმედში“ შევარდა სპეცრაზმი და დალეწა იქაურობა, ტყვიებს ესროდნენ და „პანჩურებით“ გამოყარეს იქიდან. მარტო მე მახსოვს ეს და ეს სააკაშვილის გარეშე გაკეთდებოდა? მე მახსოვს, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით სპეცრაზმმა სცემა და მერე არ გამოძიებულა სააკაშვილის დროს ეს საქმე. შესაბამისად, არც მე და არც ჩემს პარტიას არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ „პოლარიზების მეტი არაფერი მოიტანა“ და წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მობილიზება მოხდა.

„სააკაშვილს იმაზე მეტი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა, რაც მართალია, მართალია, თუმცა ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უბრალოდ აღმაშფოთებელი იყო როგორც შემოვიდა. ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რაღაცა მწვანილის „იმით“ რომ შემოიპარები, ჩემი აზრით, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს, რომელსაც მართავდი ორი ვადით.

მე სააკაშვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი, როგორც ნავალნი ჩავიდა კაცურად, მხრებგაშლილი, წინასწარ დეკლარირებულად, კამერების თანდასწრებით და თქვა, რომ ჩავდივარ, ვიცი დამაკავებენ, მაგრამ ჩავდივარ, ეს უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვის. მე ასე არ მოვიქცეოდი, სხვაგვარად მოვიქცეოდი, მაგრამ მისი არჩევანია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცოტა არ იყოს გამაოცა იმიტომ, რომ მთლად ეგეთი გამბედავიც თუ იყო არ მეგონა, სხვა წარმოდგენა მქონდა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ პოლარიზაციის გამძაფრების მეტი არაფერი მოგვიტანა, ამომრჩევლის ქცევა შეცვალა, ერთი მხრივ, შეაშინა „ოცნების“ ამომრჩეველი და დარაზმა და იმიტომ მიიღო დიდი შედეგი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაიძაბნენ, შეიძლება სხვა პარტიისთვის აპირებდნენ ხმის მიცემას, მაგრამ სააკაშვილი რომ დაინახეს, ვაიმე, მართლა არ დაბრუნდესო, გავარდნენ და „ოცნება“ შემოხაზეს. მეორე მხრივ, ასევე დარაზმა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში თვითმმართველობის არჩევნებიც შეაფასა და გამართულად ჩატარებული არჩევნებისთვის ცესკოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, „ჩაწიკწიკებულმა“ საარჩევნო კოდექსმა იმუშავა და არჩევნები არ გაყალბებულა.

„ალალი და უსაყვედურო იყოს მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ხომ წესიერი არჩევნები ჩატარდა? თვითონ არჩევნების დღე. არ უნდათ თქმა, რომ ჩვენ, რისთვისაც თავი გადავდეთ, მართლა განხორციელდა. 20%-ია გადათვლილი, ოპოზიციამ ერთი ფაქტი დადოს, ერთი ოქმი დადოს გაყალბებული.

საარჩევნო კოდექსი არეგულირებს არჩევნების დღეს, არჩევნების დღეს იყო გამართული და ამისთვის მადლობა ცესკოს, თავმჯდომარიან რიგით თანამშრომლიანად - გამართული და აბსოლუტურად გამართული. ყველა შეფასებაში ასე წერია, ასე იწყება, რომ მადლობა იმისთვის, რომ იყო გამართული, არცერთი ოქმი არ არის გადაჯღაბნილი, ჩასწორებული არ არის, არცერთი ნამამაძაღლარი არაა, თუ არა და გამოიტანონ. 20% გადაითვალა საქართველოს მასშტაბით და ცდომილება იყო 0,01%. ძლივს მივაღწიეთ ამას, ცესკომ ჩააბარა გამოცდა.

მე ახალ ცესკოზე ვსაუბრობ, ცესკოს ახალ შემადგენლობაზე, სადაც პირველადაა, რომ ოპოზიციონერია მოადგილე ცესკოს თავმჯდომარის და გამართულად იმუშავა. იმ საარჩევნო რეფორმამ, ჩაწიკწიკებულმა, მართლა იმუშავა, 100 მეტრის პერიმეტრმა იმუშავა. არჩევნების მეორე დღეს ყველა უბნის ჩანაწერი აიტვირთა. გამოვიდა მეორე დღეს ვინმე და „გადადექი, გადადექიო“ ან გაყალბდაო ყვიროდა? არა ხომ? ამას მივაღწიეთ.

თვითონ საარჩევნო დღე იყო არაჩვეულებრივი, არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ, რითიც ძალიან ვამაყობთ, მეც, ლევან იოსელიანიც და მთელი ჩვენი პარტია, რომლებმაც თავი გადავდეთ ამისთვის. ვამბობდით, რომ ერთი დღე მოვიდეს არჩევნების მეორე დღეს როდესაც არ გამოვარდება ქუჩაში ხალხი და ეს დღე დადგა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.