ბოლო რამდენიმე დღეა თურქეთში ადგილობრივი ვალუტა დოლართან მიმართებაში კატასტროფულად გაძვირდა. ადგილობრივი ქართველების თქმით, დღეს ერთი დოლარი 10 ლირამდე ღირდა და ისინი ვინც, ხელფასს ლირაში იღებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.
ნინო ბედიანაშვილი, თურქეთში მცხოვრები ქართველი:
- რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი მაღალი კურსი და ძალიან მძიმე დღეში ჩავცვივდით. ახლაც იგივე ხდება. აქ ძალიან ცოტა ქართველი იღებს ხელფასს დოლარში, მხოლოდ ისინი, ვინც უცხოურ პროექტებში არიან. უცხოელები კი მიდიან. როგორც ამბობენ, "მიუღებელი პირობების" გამო, დასავლური, ამერიკული პროექტები ტოვებენ ქვეყანას. შესაბამისად, უამრავი ორგანიზაცია იხურება და მათ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ...
თურქეთს ტოვებენ ის ადგილობრივებიც, ვინც ამ წლების განმავლობაში უცხოურ პროექტებში მუშაობდნენ. ჩემი მეგობრის მეუღლე, რომელიც გერმანულ-თურქულ ქსელურ მარკეტში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა, კომპანიას თან მიჰყავს. ასეთი არაერთი შემთხვევაა.
ჩვენ, მე და ჩემი ახლობელი ქართველები ლირაში ვიღებთ ხელფასს. ანუ როდესაც ვყიდულობთ ოჯახში გადასაგზავნად, ადრინდელთან შედარებით, ხელფასის თითქმის მესამედი გვრჩება. დარწმუნებული ვარ, თურქეთში დოლარის გაძვირება აუცილებლად აისახება საქართველოზეც.
ეს კი არაფერია. ადრეც ვთქვით, რომ არ ღირდა აქ დარჩენა. მერე თითქოს სიტუაცია სტაბილური გახდა. ზოგს დაენანა ჩვენი გაშვება და ხელფასი მოგვიმატეს. თუმცა, ზოგი მაინც წავიდა სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად, იტალიასა და ესპანეთში.
მარი თალასი, თურქეთში მცხოვრები ქართველი:
- აქაური მედია კონტროლდება და ოპოზიციურ აზრს ვერ გამოხატავენ, მაგრამ ბლოგერები და აქტივისტები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ქვეყნიდან დასავლური ინვესტიციების გადინება ხდება. ზოგი შიშობს, რომ ერდოღანმა თავის გუნდთან ერთად ქვეყნის მთავარი კურსის გადახვევა აშკარად დაიწყო. მათ ეშინიათ, რომ ათათურქის გზიდან გადაუხვევენ და მერე გვიანი იქნება.
ჩემი მეუღლე ადგილობრივი ინტერნეტგამოცემისთვის ვიდეო ბლოგებს აკეთებდა. რამდენიმე თვის წინ მომხდარი მასშტაბური ხანძრისა და ჩამოწოლილ მეწყრებზე მუშაობისას, მასა და მის გუნდს უთხრეს, რომ "პათოსი არ შეესაბამებოდა სახელმწიფოს სულისკვეთებას". ირიბი მითითება იყო, რომ ნაკლებად კრიტიკული და "შიშველი" ყოფილიყო, ანუ ისეთი მასალები არ გაეშვათ, რაც ხალხს დასტრესავდა. სინამდვილეში, ეს ერდოღანის სახელმწიფოს პოლიტიკაა, იქ სადაც თავისუფალი მედიაა, კრიტიკაც არის და არ უნდა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ამ მიზეზით უამრავმა დასავლური დაფინანსების მქონე გამოცემამ აქ მუშაობა შეწყვიტა.