ავტორი:

"არ უკითხავთ/არ გვეკითხებიან" - ფილმი მათზე, ვინც შეიძლება კონფლიქტის მოგვარებასთან მიგვაახლოვონ

"არ უკითხავთ/არ გვეკითხებიან" - ფილმი მათზე, ვინც შეიძლება კონფლიქტის მოგვარებასთან მიგვაახლოვონ

პროექტი "არ უკითხავთ/არ გვეკითხებიან" დოკუმენტური ფილმია, რომელიც მოგვითხრობს 90-იანების დასაწყისში მომხდარ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ დაბადებულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ხშირად "პოსტკონფლიქტურ თაობას" უწოდებენ.

მთავარ როლებში ახალგაზრდა აფხაზები და ქართველები არიან. გვაქვს ექვსი ისტორია, რომლებსაც ერთი და იგივე პოსტკონფლიქტური თემატიკა და დაბრკოლებები აერთიანებს. ფილმის პერსონაჟები არ ლაპარაკობენ პოლიტიკაზე და არ გვაძლევენ ომზე შეფასებებს, მაგრამ გვიყვებიან თუ როგორ შეეხო კონფლიქტი მათ ცხოვრებას და შეხედულებებს, რისი დაკარგვა მოუწიათ ან პირიქით, რა მიიღეს ამით და რა პრობლემებს უქმნით მათ დღევანდელი სიტუაცია.

ეს ფილმი არ არის ადამიანებზე, რომლებსაც წამოუწყიათ ომი ან არიან პასუხისმგებელი ომში მონაწილეებზე, მაგრამ არის მათზე, ვინც შეიძლება კონფლიქტის მოგვარებასთან მიგვაახლოვონ.

"ჩემთვის, როგორც ამ თაობის წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანია დიალოგის წამოწყება დღევანდელი პოლიტიკური გარემოებების კონტექსტში, რომელშიც ახალგაზრდა აფხაზებს არ შეუძლიათ ქვეყნის გარეთ მოგზაურობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნის (რუსეთის) მოქალაქეობას არ ფლობენ. ეს არის მტკივნეული საკითხის წამოყენების მცდელობა, ახალგაზრდა ადამიანების პორტრეტების მეშვეობით, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ უკვე არსებულ შეზღუდვებში. მათი ოცნებები და პროფესიული რეალიზება იზღუდება იმ ფაქტით, რომ მათ საზღვარგარეთ გასვლა და განათლების მიღება არ შეუძლიათ. უფრო მეტიც, არავინ გვეკითხება თუ რა უნდა გავაკეთოთ, რაზე ვიოცნებოთ ან როგორ განვვითარდეთ მსგავს გარემოებებში", - ამბობს ფილმის აფხაზური ნაწილის ავტორი, ათანა აგრბა.