ეჭვი მაქვს, რომ დღეს მათემატიკა და კალკულატორები არ ეყოფათ თავების დასათვლელად, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ქუდზე კაცია გამოსული და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი აქცია იქნება საზომი იმის, თუ რამდენად სწრაფად გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი.
"ეს არის ქართველი ხალხის გზავნილი ოლიგარქ ივანიშვილის მიმართ, რომ არ შევეგუებით რუსეთს საქართველოში. დღევანდელი აქცია არის საზომი იმის, რამდენად სწრაფად გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, ეს მოხდება ძალიან მალე. ვარწმუნებ საზოგადოებასაც და ,,ქართულ ოცნებასაც”, რომელიც მუდმივად იბრიქება , მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა შემთხვევებს, როდესაც რეგიონებიდან მომავალ ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ცოცხებით დახვდნენ. ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული დავალება ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გასცა.
,,ეს იყო ტრაგიკული, ვწუხვარ ამ ადამიანების გამო. ეს დავალება გასცა ირაკლი კობახიძემ, საკრებულოს თავმჯდომარეებს მან ჩაუტარა თათბირი და მისცა ეს დავალება. იმავე დავალება ჰქონდა მცხეთაში პარტიის თავმჯდომარეს, თუმცა შეაგონეს, რომ სვეტიცხოვლობაა და შესაძლოა, ტურისტებიც ყოფილიყვნენ. ეს არის კობახიძის და ღარიბაშვილის ბინძურ თავში მოფიქრებული კონტრაქცია, ეს ხალხიც უნდა გათავისუფლდეს”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.