ავტორი:

"ერთი სიტყვები მინდა წაგიკითხოთ, მიშას ეკუთვნის... ახალგაზრდობაში დაუწერია" - რა გაიხსენა ხატია დეკანოიძემ აქციაზე გამოსვლისას?

"ერთი სიტყვები მინდა წაგიკითხოთ, მიშას ეკუთვნის... ახალგაზრდობაში დაუწერია" - რა გაიხსენა ხატია დეკანოიძემ აქციაზე გამოსვლისას?

ჩემს მეგობარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მინდა ვუთხრა, რომ მისი თავგანწირვა, მისი სამშობლოს სიყვარული, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექება მთელი ისტორიის მანძილზე და დღეს ვინც ისტორიის ნათელ მხარეს დადგება, აუცილებლად მასთან ერთად შევა ისტორიაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დამთავრდეს სიძულვილი და დაპირისპირება და დღეს ერთიანობაა საჭირო.

„სააკაშვილის თავგანწირვაზე როცა საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ, რისთვის, რისი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვიცით და ყველა ხვდება, ჩვენი ოპონენტიც, რომ ეს იყო თავგანწირვა და სამშობლოს სიყვარული. არ შეიძლება გამუდმებით ზიზღში და სიძულვილში ცხოვრება, არ შეიძლება გამუდმებით დაპირისპირება, ჩვენ დღეს გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს და გვჭირდება ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება. თავისუფლება ყველაზე უზენაესია ამ ქვეყანაზე. ყველას ერთად ხომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა? ჰოდა ასე უყვარს იმ კაცსაც ჩვენი ქვეყანა, ამიტომ შეწირა თავი და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ თავგანწირვით, რომ ის თავისუფლებაზე გამოვიდეს და ჩვენი სამშობლო გადარჩეს.

მე, როგორც ერთი ადამიანი, როგორც თქვენი თანამებრძოლი, როგორც მისი თანამებრძოლი, თავს დავდებ იმისთვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ მეორე ტურში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი საზოგადოება არათუ დაიხლიჩოს, არამედ უფრო გაერთიანდეს, იმისთვის, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთი დიდი გადაკვეთის წერტილი გვქონდეს და ეს არის ჩვენი სამშობლო. ბოლოს, როცა მიშა მოვინახულე საპყრობილეში, მან მითხრა, რომ ეს თავგანწირვა მისთვის არის ბედნიერება, რადგან ეს თავგანწირვა არის სამშობლოსთვის, თითოეული თქვენგანის თავგანწირვა არის სამშობლოსთვის, ამიტომ ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძვით, არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის, სამშობლოა ჩვენთვის უზენაესი და ეს უნდა გაიგო ყველამ ოპონენტმაც, პარტნიორმაც. თავის დადება ყველას სხვადასხვანაირად შეუძლია, იშვიათია ადამიანი, რომელიც თავგანწირვით სამშობლოსთვის თავის საკუთარ სიცოცხლეს აბარებს, ჩვენ ეს ყველაზე კარგად ვიცით განსაკუთრებით, ჩვენი პარტიის წევრებმა, როცა უამრავი ადამიანია დევნილი, უამრავია საპყრობილეში, უამრავი დაკითხეს, უამრავი იყო, ვინც უსამართლობა გამოსცადა, მაგრამ მე არ ვარ გაბრაზებული, არც თქვენ არ უნდა იყოთ გაბრაზებული, რადგან ამას ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებდით.

ერთი სიტყვები მინდა წაგიკითხოთ, მიშას ეკუთვნის, ახალგაზრდობაში დაუწერია - „ნუ დაყოვნდებით, არის მთავარი, დღეს ჩვენ ყველაფერს ვიწყებთ თავიდან!“ გამარჯვება მეორე ტურში ჩვენი ყველასი საზრუნავია, მე პირობას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩემს მეგობარს, რომელიც საპყრობილეშია, რომ აუცილებლად ბოლომდე დიდი ბრძოლით მე მოვიპოვებ და ჩვენ მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას,“- განაცხადა დეკანოიძემ.