სოციალური დისტანცია, თვითიზოლაცია, დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, ხალხმრავალი ღონისძიებებისა და ხალხმრავალი ადგილების შეზღუდვა - ყველა ჩამოთვლილი პროცესი უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება, რამაც ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ქცევაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.
ხალხისგან დისტანცირებისა და მხოლოდ საკუთარ სოციალურ სივრცეში ჩაკეტვის შედეგები მრავალფეროვანია: შფოთვა ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობისას, სიახლის შიში, ახალ ადამიანებთან შეხვედრის დისკომფორტი და სხვა. ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ პანდემია და მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები წარსულს ჩავაბაროთ, ვაქცინაციაა. სწორედ მეცნიერების ამ უდიდესი მიღწევის პოპულარიზაციისთვის გამომცემლობა „პალიტრა L“-მა სოციალური კამპანია დაიწყო, სახელად „იზრუნე თანამშრომელზე“.
„პალიტრა L“ ბიზნესს სთავაზობს დიდ ფასდაკლებას, რათა შეიძინონ წიგნები და თავიანთ თანამშრომლებს მადლობის ნიშნად უსახსოვრონ. აცრის შემდეგ რეკომენდებულ ორდღიან დასვენებას კი ისინი სწორედ საინტერესო ლიტერატურულ მოგზაურობაში გაატარებენ.
„პანდემიის გარკვეული პერიოდი დიდი გამოწვევებით იყოს სავსე: სოციალური დისტანცია, შეხვედრები ონლაინრეჟიმში... ამ ყველაფერმა ცხოვრების რეჟიმი შეცვალა და, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელობანი გახდა ერთმანეთზე ზრუნვა ამ ახალი ყოფის შესამსუბუქებლად. ასეთ სიტუაციაშიც წიგნი ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: პანდემიის პერიოდში მსოფლიო მასშტაბით წიგნების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სწორედ ამიტომ ჩვენმა გამომცემლობამ წამოიწყო ახალი კამპანია - „იზრუნე თანამშრომელზე“. კამპანიის ფარგლებში ჩვენ კომპანიებს შევთავაზეთ მსოფლიოს ბესტსელერების უახლესი გამოცემები როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული ლიტერატურიდან.
„ჩვენი შეთავაზებული მხატვრული ლიტერატურა მკითხველს სტრესის დაძლევასა და კარგი გუნება-განწყობის შენარჩუნებაში დაეხმარება, არამხატვრული, დოკუმენტური ლიტერატურა კი ვიწრო ჭრილში ფოკუსირების, პროფესიული ზრდის, ემოციური ინტელექტის, პოზიტიური დასვენების ხელშემწყობია.
გვიხარია, რომ კომპანიები ინტერესდებიან და ერთვებიან კამპანიაში. გამომცემლობა „პალიტრა L“ კომპანიებისთვის მსგავსი ტიპის შეთავაზებებს მუდმივად გააგრძელებს. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი კამპანიები ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას“, - აღნიშნავს გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე.
გამომცემლობის აქციას სადაზღვევო კომპანია „იმედი L” შეუერთდა და თანამშრომლებს საჩუქრად სამი წიგნი გადასცა. წიგნების ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესოა და ყველა მათგანი დიდი ხანია ბესტსელერთა სიაშია: მარშალ გოლდსმითი - „ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება“; მარკ მენსონი - „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ და გარი კალერი ჯეი პაპასანთან ერთად - „მხოლოდ ერთი რამ“.
როგორც „იმედი L”-ის კომუნიკაციების სპეციალისტი სალომე მახარაძე აღნიშნავს, კამპანიის დაწყებამდე თანამშრომელთა 50% უკვე ვაქცინირებული იყო, ხოლო მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ დარწმუნება სჭირდებოდა ან ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდა, სპეციალური ვებინარიც ჩაატარეს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დღეს, ვაქცინირებულ თანამშრომელთა მაჩვენებელმა 65%-ს მიაღწია, რაც სწორედ „იმედი L”-ის ძალისხმევის შედეგიცაა.
„რაც შეეხება საჩუქრებს, რომელიც თანამშრომლებს მადლობის ნიშნად გადავეცით, წიგნების გარდა, ჩვენ მიერ შერჩეულ ჩანთებში ჩავაწყეთ სხვა საჩუქრებიც და იმედი გვაქვს, მოწონებაც დაიმსახურეს.
არავაქცინირებული თანამშრომლების ნაწილს კოვიდ ვირუსი ახალი გადატანილი აქვს და ელოდება შესაბამისი დროის გასვლას, რომ ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს, ნაწილიც ალბათ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და იზრუნებს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე. ჩვენს კომპანიაში განვითარების კულტურა ძალიან მაღალია, ყველა ვიყენებთ მოცემულ შესაძლებლობებს, რომ რაღაც ახალი შევისწავლოთ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ წიგნები საკმაოდ ლოგიკური და სიმბოლური საჩუქარი იყო და ბევრი ადამიანი გავახარეთ“, - აღნიშნა სალომე მახარაძემ.