ავტორი:

რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების სტიპენდიებითა და ჯილდოებით წახალისებას მათი მოტივაციისთვის

რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების სტიპენდიებითა და ჯილდოებით წახალისებას მათი მოტივაციისთვის

ყველა საქმეს, სადაც მოტივაცია და ენთუზიაზმია ჩადებული, წარმატებით დასრულების დიდი შანსი აქვს. სწავლისადმი ამგვარი განწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებში, რომლებიც არჩეულ პროფესიას მხოლოდ ახლა სწავლობენ და სწრაფად ვითარდებიან.

ფსიქოლოგი თეონა ქემაშვილი განმარტავს, რომ წახალისება და ჯილდო მოზარდებსა და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის ამაღლებს პოზიტიურ განწყობას და დადებითი ემოციებით გმუხტავს.

მისი თქმით, ახალგაზრდისთვის მხოლოდ ჯილდოს მატერიალური მხარე არ არის მნიშვნელოვანი, არამედ უფრო საინტერესოა მისი დანახვის, შემჩნევისა და დაფასების ფაქტორი, რაც მას უჩენს სურვილს, ორმაგად უკეთ გააკეთოს თავისი საქმე.

„ჯილდო თუ სხვაგვარი წახალისება თავდაჯერებულობასა და თვითდამკვიდრების უნარს ავითარებს. ამ დროს ადამიანი ფიქრობს: მე შემიძლია, შემამჩნიეს, დამინახეს, რაც მთავარია, დამიფასეს ნაღვაწი. წახალისება ისეთ განცდებს ბადებს, რომლებიც შემდეგ პასუხისმგებლობისა და უპირატესობის გრძნობას აყალიბებს. ჯილდო ის დივიდენდია, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად იძლევა სერიოზულ მოგებას. ჯილდო, წახალისება - ეს სტიმულია, რადგან ის ხვდება, რომ თუ მოინდომებს, შეძლებს უკეთეს შედეგს მიაღწიოს და, რაც მთავარია, ამას სხვებიც დაინახავენ, შრომა დაუფასდება. ეს მოსწავლისა და სტუნდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ზოგადად, რა საქმიანობაშიც გაქვს მოტივაცია, იქ ყველაფერი იდეალურად გამოგდის“, - აღნიშნავს ფსიქოლოგი თეონა ქემაშვილი.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან და კომპანია „ნიკორასგან“ წახალისების სახით სტიპენდიას იღებენ, აღნიშნავენ, რომ ამგვარი ჯილდო მათთვის მოტივაციაა, შეინარჩუნონ განვითარების ტემპი, იყვნენ ყოველთვის პირველები და წარმატებულები.

ოთხივე მათგანი სურსათის ტექნოლოგიების სტუდენტია. ისინი მოხარულები არიან, რომ ეს მიმართულება აირჩიეს. მიაჩნიათ, რომ წახალისება იმავე სფეროდან, სადაც მომავალში საქმიანობას გეგმავენ, ნიშნავს იმას, რომ კვების ტექნოლოგია საკმაოდ მოთხოვნადია და პროფესიონალები ფასდებიან კიდეც.

ნიკა გომელაური უკვე მე-2 წელია, „ნიკორას“ სტიპენდიატია. როგორც ნიკა ამბობს, თავდაპირველად, როცა სტიპენდიის შესახებ შეიტყო, დარწმუნებული არ იყო, რომ სწორედ მას შეარჩევდნენ, თუმცა გამოცდები უფრო მეტი ძალისხმევით დაწერა და შედეგმაც არ დააყოვნა. მალე ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დასაქმდება და მიღებულ ცოდნას საყვარელ საქმეს მოახმარს:

„სასიამოვნოა, როდესაც კომპანია კერძო სექტორიდან ხედავს შენს შრომას, გიფასებს და გეუბნება, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ემსახურები“, - აღნიშნავს ნიკა გომელაური.

ნიკას მსგავსად, გიორგი რთველიაშვილიც მე-4 კურსის სტუდენტი და „ნიკორას“ სტიპენდიატია. მას არჩეული პროფესია ძალიან უყვარს და როგორც აღნიშნავს, სწავლის მოტივაციას როგორც სურსათის ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი, ისე კერძო სექტორის მხრიდან ხელშეწყობაც უმაღლებს:

„ჩემთვის ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც სწავლის პერიოდშივე გიფასებენ შრომას, როდესაც კომპანია გეუბნება, რომ უნივერსიტეტში კარგად სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, წახალისება და ჯილდო მოტივაციას წარმოადგენს. როდესაც შენზე ამგვარად ზრუნავენ, იმედი გიჩნდება, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ“, - განმარტავს გიორგი რთველიაშვილი.

სოფიკო ხარაზიშვილი და მერი ქირია კი მესამე კურსის სტუდენტები არიან, რომლებიც წელს პირველად გახდნენ სტიპენდიატები და თავიანთ განცდებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:

„სტიპენდიის შესახებ უნივერსიტეტში შევიტყე, როცა მაღალი GPA მქონდა, თუმცა მაინც ნაკლებად ველოდი მის მიღებას... მოულოდნელი იყო მიღებული წერილი, რომელშიც სტიპენდიის შესახებ ეწერა და ძალიან გამიხარდა. მივხვდი, რომ შრომა დამიფასდა და ყველაფრის უკეთ კეთების სურვილი გამიჩნდა. თან ეს ორმაგად სასიამოვნოა, როცა ინტერესი და წახალისება შენივე სფეროდან მოდის, სადაც მომავალში გინდა, რომ საქმიანობა გააგრძელო. ამ შემთხვევაში „ნიკორას“ და ჩემი გზები უკვე გადაიკვეთა და, იმედია, ჩვენი ურთიერთობა მომავალში სამსახურებრივი კუთხითაც გაგრძელდება“, - აღნიშნავს სოფიკო.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კულინარია ძალიან პოპულარულია, კვების ტექნოლოგიის სფეროში ბევრი კვალიფიციური კადრი არ გვყავს და ამიტომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა გვიწევს. რეალურად, შეგვიძლია კვების ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაშიც განვავითაროთ და ამიტომაც გადავწყვიტე ამ მიმართულებაზე სწავლა. ჩემთვის მოტივაციაა, როცა გამჩნევენ და გაფასებენ, უფრო პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს და, რა თქმა უნდა, აკადემიური პასუხისმგებლობაც იმატებს“, - ამბობს მერი ქირია.

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, თუ წლების წინ მოსწავლისა და სტუდენტისთვის იმის თქმა, რომ სხვებზე უკეთესი უნდა იყოს და ყოველთვის პირველობისთვის იბრძოლოს, ჩვენს ქვეყანაში არ მიიჩნეოდა კარგ ტონად, რადგან საბჭოთა პერიოდში მხოლოდ თანასწორობაზე კეთდებოდა აქცენტი, დღეს ასე აღარ არის. ფსიქოლოგის თქმით, ადამიანი მხოლოდ მაშინ აღწევს წარმატებას, როცა თავს არ ზოგავს, გახდეს პირველი და მნიშვნელოვანია, ამაში გარემომაც შეუწყოს ხელი, იქნება ეს წახალისებისა თუ ჯილდოს სახით.